საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსნადრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ქართულ ზღაპრებთან დაკავშირებით ფართო მსჯელობა და დისკუსიაა საჭირო. ეს განცხადება მინისტრმა საზოგადოების იმ რეაქციის შემდეგ გააკეთა, რაც მის მიერ კომბლეს გაკრიტიკებას მოჰყვა:
”ფართო დისკუსია უნდა გაიხსნას და ეს არის მთავარი სასიხარულო. მთავარი საკითხია, რომ ჩვენ ფაქტად არაფერი არ უნდა მივიღოთ. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის უკეთესი ჩვენი შვილებისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ ამდენ ხალხს ადარდებს ეს საკითხი.
ისიც ძალიან მიხარია, რომ ამდენი დამცველი გამოუჩნდა კომბლეს. აუცილებლად ვისაუბრებთ ამ და ყველა საკითხზე, რაც ჩვენი შვილების განათლებას ეხება.
მთელმა საზოგადოებამ თავისი აზრი უნდა გამოთქვას. ჩვენ გადასასვლელები ვართ სრულიად ახალ დონეზე _ ზღაპრებზეც, სახელმძღვანელოებზეც, სწავლის მეთოდებზეც და ყველაფერზე გვექნება საუბარი”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ ჯეჯელავამ კომბლე რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეში“ სტუმრობისას გააკრიტიკა:
"ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს რამხელა გავლენა აქვს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი, მაგალითად შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია. კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია.
”სუპერმენი“ და „სპაიდერმენი“ სასაცილო რაღაცეები არ არის. ისინი მასწავლებლები არიან, ბავშვებისთვის გმირები არიან, შესაბამისად, ჩვენ დაწყებული გმირებიდან ესეც გასაკეთებელი გვაქვს, დამთავრებული ზღაპრებით, საბავშვო ლიტერატურით, სახელმძღვანელოებით, სასკოლო პროცესით და ა.შ. სკოლა აღზრდის ინსტრუმენტია და არა ქიმიის ან ისტორიის სასწავლებელი”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.