სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ახალი თურქულენოვანი გვერდი „საბაჰ აბჰაზია“ გამოჩნდა. გვერდი თურქულენოვანია და აფხაზეთთან დაკავშირებული ახალი ამბებისა და შემეცნებითი მასალების გავრცელებას ისახავს მიზნად. იგი დაახლოებით ათი დღის წინ შეიქმნა და, ჯერჯერობით, ათასზე მეტი მოწონება აქვს.
ამ ეტაპზე გვერდზე მხოლოდ რამდენიმე მასალაა განთავსებული. მათ შორისაა „საბაჰის“ იმ ნომრის ფოტოც, რომელიც აფხაზეთს ეკუთვნის.
გვერდზე აფახეთის სეპარატისტული მთავრობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირკიბას მილოცვაცაა, რომელიც ვინმე რუჰი ბეის (სავარაუდოდ, ამ პროექტის ავტორი) ახალ გამოცემას ულოცავს და იმედოვნებს რომ ეს გამოცემა თურქეთსა და არაღაირებულ აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობებს დაათბობს.
გაზეთი „საბაჰი“ თურქეთის უდიდესი და უმსხვილესი გამოცემაა და ყოველ დილით მას მილიონობით თურქეთის მოქალაქე კითხულობს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის იქნება აფხაზეთისათვის განკუთვნილი თურქულენოვანი გამოცემა. თუმცა, ცხადია, რომ იგი თურქეთში მცხოვრები აფხაზურენოვანი დიასპორისათვისაა განკუთვნილი, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა დაუზუსტებელი წყაროების თანახმად 700 ათასიდან მილიონ ადამიანამდე მერყეობს.
ამ საკითხტან დაკავშირებით „Gurianews”-შეეცადა, დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტში მოეპოვებინა.
ინტერნეტპორტალ www.sakaryarehberim.com-ის ინფორმაციით, გამოცემის იდეა აფხაზეთი – თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური წარმოადგენლობის ორგანიზებით მოხდა და მისი მიზანი თურქეთში მცხოვრები აფხაზებისათვის ისტორიული სამშობლოსთან დაკავშირებული ინფორმაციების მიწოდებაა. გაზეთს უფასო ჩანართის სახე ექნება და იგი უფასოდ გავრცელდება ქოჩაელის, დუზჯეს, საქარიას, ბოლუსა და ზონგულდაკის მხარეებში გავრცელდება, სადაც აფხაზური დიასპორა ყველაზე მრავალრიცხოვანია.