დღეს, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთან ერთად ქალაქის ყველა ის ბარიერული ადგილი და არასტანდარტული პანდუსი მოინახულა, რომელიც ეტლით მოსარგებლეებს გადადგილების პრობლემას უქმნის.
ბეგლარ სიორიძემ პრობლემის გადაჭრის გზებზე ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობასთან და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის საინიციატივო ჯგუფთან ერთად იმსჯელა. მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც შშმ პირებს ქალაქში გადაადგილებას მნიშვნელოვნად გაუადვილებს.
"გუშინ ლიდერთა სკოლაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შშმ პირთა ადაპტირებული გარემოს საკითხს ეხებოდა, შევთანხმდით, რომ ბარიერულ ადგილებს ერთად მოვინახულებდით. თამუნა ლურსმანაშვილთან ერთად ვითარებას ადგილზე გავეცანით და მოვინიშნეთ ის ადგილები, სადაც პანდუსების რეაბილიტაციას დავიწყებთ.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ვართ, მშენებლობის არცერთი ნებართვა არ გაგვიცია, სადაც ადაპტირებული პანდუსის მოწყობა არ იქნებოდა გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, არსებობს ხარვეზები, რომელიც მყისიერად უნდა გამოსწორდეს. ძირითად პრობლემას მაინც ძველად გაკეთებული პანდუსები ქმნის, რომელიც მთლიანად შესაცვლელია.
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა ქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, ქალაქი მათთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გავხადოთ", _ განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
ნონა სადრაძე, ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი:
"ქალაქის მერთან ერთად ის ადგილები მოვინახულეთ, სადაც არასტანდარტული პანდუსების რეაბილიტაცია შესაძლებელია. ძალიან მიხარია, რომ ქალაქში ძირითად ობიექტებთან მისასვლელი პანდუსების რეაბილიტაცია უკვე დაიგეგმა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია".
ამ ეტაპზე ქალაქის მერია რეაბილიტაციას ,,ლიბერთი ბანკთან “ მისასვლელ პანდუსს ჩაუტარებს. პანდუსები, ასევე, მოეწყობა აფთიაქ ‘’PSP’’- თან და ქალაქის ცენტრალურ სკვერთან. (R)