თითქმის ერთი კვირაა, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში დაზიანებული მილიდან წყალი მოედინება. როგორც აქ მომუშავეები ამბობენ, მთელი კვირაა ასე გრძელდება, მაგრამ არავინ აკეთებს.
კითხვაზე, ვის ევალება დაზიანებული მილის შეცვლა ან აქამდე რატომ არ მოხდა მისი შეკეთება, რომელიც არა მარტო მოვაჭრეებს, ყველა გამვლელს დისკომფორტს უქმნის, ამბობენ, რომ ვის აღარ მიმართეს, მაგრამ მათი გასაჭირი არავინ იღო ყურად.
_ სახლში ამდენი სასმელი წყლის დანახარჯს ვინმე შეგარჩენს? ამის საფასურს ვინ იხდის? არავინ აკეთებს, ჩვენ რა ვქნათ? ვის არ ვუთხარით და ყველა ერთმანეთს აბრალებს თუ ავალებს, _ ამბობენ ბაზრის ტერიტორიის ამ ნაწილში მომუშავე მოვაჭრეები.
"გურია ნიუსი" გურიის წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრის ტექნიკურ უფროსს, დავით კიკვაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ მოედინება ხუთი დღის განმავლობაში ბაზრის ცენტრალურ გზაზე წყალი და ვინ არის პასუხისმგებელი მის შეკეთებაზე.
_ ბაზარი იურიდიული პირია. უნდა მოიყვანონ ხელოსანი და გააკეთონ. ხომ ხედავენ, რომ ხუთი დღეა წყალი გამოდის გატეხილი მილიდან? ჩვენ ჯიბრში კი არ ვუდგავართ ვინმეს, ვიცით ჩვენი ფუნქციები, ადამიანსაც დავეხმარებით და ყველაფერს ვიზამთ, მაგრამ ხომ კარგად იციან ვისი გასაკეთებელიცაა? საქმის ორგანიზება უნდა მოახდინონ ადგილზე.
"გურია ნიუსი" ამის შემდეგ ოზურგეთის აგრარული ბაზრის, იგივე შპს "სოფლის ნობათის" დირექტორს ოლეგ გობრონიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, ვის ევალება, რომელ სამსახურს ან კერძო პირს ოზურგეთის ბაზრის ცენტრალურ გზაზე გამსკდარი წყლის მილის შეკეთება, სადაც ხუთი დღეა, ყველას დისკომფორტი ექმნება.
_ ვიცი, მთელი კვირაა ასე მოდის. ეს სასმელი წყალია. არა ერთხელ ვუთხარი. იქ არის კერძო მაღაზიები, რომელთა მოვალეობაც არის ასეთი პრობლემის ლოკალიზება. გპირდებით, რომ ეს პრობლემა ერთ საათში აღმოიფხვრება, _ გვითხრა ოლეგ გობრონიძემ.