გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივნის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა.
პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ პოლოლიკაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალური ტურიზმის პრაქტიკასთან დაკავშირებით იმ ამბიციური მიზნების მიღწევაში, რომლებიც აქვს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას.
”ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი და დავასახელო ძირითადი მიზეზები, თუ რატომ თვლის მას ჩვენი მთავრობა შესანიშნავ კანდიდატად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია უდიდეს როლს ასრულებს ტურიზმის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინკლუზიური განვითარებისა და გარემოს მდგრადობის შენარჩუნების მამოძრავებელი ძალის, მნიშვნელობის განმტკიცებაში. ამ სტატუსით მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, რისთვისაც ჩვენი მზადყოფნის შესახებ ჩვენ ერთ წელიწადზე მეტია, რაც განვაცხადეთ. რასაკვირველია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებთან ტურიზმის, ადამიანებს შორის კონტაქტებისა და საერთაშორისო გაცვლების უდიდეს სარგებელზე ლაპარაკი ზედმეტიც შეიძლება იყოს, რადგანაც ეს ისედაც ცხადზე ცხადია. ასე რომ, ყურადღებას გავამახვილებ იმ მიზეზებზე, თუ რატომ ვუცხადებთ ჩვენ ელჩ პოლოლიკაშვილს უპირობო მხარდაჭერას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ელჩი პოლოლიკაშვილის გამოცდილება ზუსტად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის რთული საქმიანობის შესასრულებლად.
"ამჟამად ის არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში, რომელიც აკრედიტირებულია ალჟირში, ანდორასა და მაროკოში. ბატონი პოლოლიკაშვილი წლების მანძილზე მსახურობდა საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში. მას ასევე ეკავა ისეთი მნიშვნელოვანი პოსტები, როგორიცაა ეკონომიკური განვითარების მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს ის ხელმძღვანელობდა საკვანძო რეფორმების განხორციელებას, რომელთა მიზანიც იყო ქვეყნის გრძელვადიანი ფისკალური ზრდის უზრუნველყოფა, საგარეო ვაჭრობისა და სტრატეგიული საინვესტიციო ინიციატივების ხელშეწყობა, ასევე ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სექტორების განვითარება. როგორც ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდამჭერი, ის ხელს უწყობდა წამახალისებელ პროგრამებს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ე.წ. მყარი (მატერიალური) და რბილი (სოციალური) ინფრასტრუქტურის გასავითარებლად. კერძოდ, ბატონი პოლოლიკაშვილი ასრულებდა წამყვან როლს საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრულად ამოქმედებაში და ტურიზმის სექტორში უცხოური ინვესტიციებისა და ინოვაციებისმოზიდვასა და ინოვაციების წახალისებაში. თავისი საქმიანობით მან გზა გაუკაფა ტურიზმის სფეროში მდგრად პრაქტიკას და სიღარიბის აღმოფხვრისკენ გამიზნულ ინიციატივებს, რის შედეგადაც საქართველო იქცა ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ ცენტრად რეგიონში. ტურიზმის სექტორში უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული რეფორმები და მარკეტინგის განხრით გადადგმული ნაბიჯები, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ინიციატივები ასევე ითვლება ზურაბ პოლოლიკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებად. თუმცა, ჩემი აზრით, ბატონ პოლოლიკაშვილს ყველაზე მეტად გამოარჩევს მიზანმიმართულება და ხედვა, რომლებიც მან გამოამჟღავნა სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აქვს ამბიციური მიზნები, რომელთა მიღწევაც საჭიროებს კვალიფიციურ, მიზანმიმართულ და, რასაკვირველია, ამბიციურ ლიდერს. ვთვლი, რომ ელჩი პოლოლიკაშვილი, თავისი განსაკუთრებული პირადი და პროფესიული თვისებებით, ზუსტად შეესაბამება ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს. არჩევის შემთხვევაში ელჩი პოლოლიკაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალური ტურიზმის პრაქტიკასთან დაკავშირებით იმ ამბიციური მიზნების მიღწევაში, რომლებიც აქვს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას. გამოვთქვამ იმედს, რომ შეგვიძლია გვქონდეს თქვენიმთავრობების მხრიდან ელჩ პოლოლიკაშვილისკანდიდატურის მხარდაჭერის იმედი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.