ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის საკუთრებაში ბინა და მოტოსატრანსპორტო საშუალება Harley-Davidson-ია. ამის შესახებ თალაკვაძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2016 წლის 3 ნოემბერს შეავსო.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, თალაკვაძის საცხოვრებელი ბინა 109.90 კვ.მ-ია და თბილისში, ნუცუბიძის მე-3 მიკრორიაონის 1 კვარტალში მდებარეობს.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, თალაკვაძის შემოსავალი გასულ წელს 141 458.95 ლარი იყო, რომელიც მან შსს-დან მიიღო. რაც წინა, 2014 წლის შემოსავალთან შედარებით, 42 839 ლარით მეტია.
2013 წელს კი, თალაკვაძის შემოსავალი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან (მინისტრის მოადგილე) 92 480 ლარი იყო. 2012 წელს – 44002,79 ლარი. აქედან, 12812.29 ლარი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობისთვის აქვა აღებული; 31190.50 ლარი კი – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის პროგრამის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან აქვს მიღებული.
აღსანიშნავია, რომ არჩილ თალაკვაძის 2016 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ არის აღნიშნული მისი მეუღლის, ქეთევან ბუბუტეიშვილის შემოსავლები, რაც ჯამში 32008,27 ლარია. აქედან, ქეთევან ბუბუტეიშვილმა თბილისის მერიიდან, სადაც ის უფროსი სპეციალისტი იყო 4846.00 ლარი მიიღო; ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან – 27 162.27 ლარი. ამის შესახებ ბუბუტეიშვილის დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 7 ნოემბერს, თალაკვაძის დეკლარაციის შევსებიდან 4 დღეში ჩააბარა.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, თალაკვაძეს დეკლარაციის შევსების მომენტში თი-ბი-სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 3624.17 ლარი ჰქონდა, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე კი, 10 410.98 ლარი.
ქეთევან ბუბუტეიშვილის დეკლარაციიდან კი ირკვევა, რომ მას თი-ბი-სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 585.37 ლარი ერიცხებოდა.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, არჩილ თალაკვაძის სახელზე ორი სსხია. 72000-დოლარიანი იპოთეკური სესხი მას 2012 წლის 10 სექტემბერს აქვს აღებული და ვადა 2027 წლის აგვისტოში ეწურება. გასულ წელს კი მისი პროცენტის დასაფარად თი-ბი-სი ბანკს 8952.00 დოლარი გადაუხადა.
გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძის სახელზეა 10 410.00-ლარიანი სესხი (საკრედიტო ბარათი), რომლის ვადა 2017 წლის 1 მარტს იწურება.