განათლების მინისტრის განცხადებით, პროფესიული სწავლების მიმართულებით გარკვეული სიახლეების იქნება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოზარდს შეეძლება სკოლის პერიოდშივე ისწავლოს პროფესიულ სასწავლებელში და ატესტატი უპრობლემოდ აიღოს.
„მეცხრე კლასიდან, როგორც დღეს არის, მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს პროფესიული განათლება. ოღონდ დღევანდელ ვერსიაში სკოლის საგნების სწავლას მოზარდი წყვეტს და ამიტომ ატესტატს ვერ იღებს, რაც მერე უშლის ხელს. ჩვენ მივცემთ საშუალებას მოსწავლეს სკოლის პერიოდშივე, თუ უნდა პროფესიულშიც ისწავლოს და სკოლაც დაამთავროს ერთდროულად. ანუ მას შეუძლია ჰქონდეს სკოლის დამადასტურებელი სერთიფიკატიც და ექნება პროფესიული სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტიც. ამის შემდეგ, რადგან ატესტატიც ექნება, შეუძლია უმაღლეს პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა ან აკადემიურ უმაღლესში. კანონში ცვლილებების პაკეტში, რომელსაც ჩვენ შევიტანთ, და რომელიც დიდწილად უკვე მომზადებულია, იქნება სწორედ ჩიხური სიტუაციების აღმოფხვრა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, ან შემდეგ, უმაღლესი განათლების მიღებაც“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროს სურვილი აქვს, ისეთი სკოლები გააკეთოს, სადაც უკვე ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ აქვთ სკოლის ატესატი, მის აღებას და შესაბამისად სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.
„ბევრ ადამიანს, რომელმაც თავის დროზე პროფესიული სწავლება აირჩია, სკოლის დამთავრების ატესტატი არ აქვს. ახლა კი არიან ისეთ ასაკში, რომ ჩვეულებრივ სკოლაში ვერ მივლენ და ბავშვებთან ერთად ვერ დაჯდებიან. ამიტომ ჩვენი დიდი სურვილია, რომ გავაკეთოთ ისეთი სკოლები, რომლებიც ზრდასრულებს საშუალებას მისცემს ატესტატი აიღონ, იმისთვის, რომ მერე უნდა უმაღლეს აკადემიურ სწავლებაზე გააგრძელონ, უნდა უმაღლეს პროფესიულზე“,- აღნიშნა განათლების მინისტრმა.