პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმირება მოხდა. ასევე დარეგისტრირდა ხუთი საპარლამენტო ფრაქცია. "ქართული ოცნების" უმრავლესობა 116 დეპუტატისგან შედგება. უმრავლესობის შემადგენლობაში შედის "ქართული ოცნების" სახელით არჩეული პარლამენტის 115 წევრი, რომელთაც "მრეწველების" სახელით ხაშურის მაჟორიტარულ ოლქში არჩეული სიმონ ნოზაძეც შეურთდა. უმრავლესობის ლიდერია არჩილ თალაკვაძე.
რაც შეეხება უმრავლესობის ფარგლებში დარეგისტრირებულ საპარლამენტო ფრაქციებს, ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ფრაქცია ჩამოყალიბდა. ეს არის ფრაქცია "ქართული ოცნება", რომელშიც 110 დეპუტატი გაერთიანდა. მას მამუკა მდინარეძე უხელმძღვანელებს.
კიდევ ერთი ფრაქცია დარეგისტრირდა სახელწოდებით – "ქართული ოცნება – მრეწველები". ფრაქციის თავმჯდომარეა "მრეწველების" დეპუტატი სიმონ ნოზაძე. ფრაქცია ექვსი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
საპარლამენტო უმცირესობა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებისგან შედგება. საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში ორი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი. ეს არის ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობა", რომელიც 20 წევრს აერთიანებს. მას ნიკა მელია უხელმძღვანელებს.
უმცირესობის ფარგლებში შეიქმნა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის". აღნიშნული ფრაქცია 6-კაციანია და მას ელენე ხოშტარია უხელმძღვანელებს. აღნიშნულ ფრაქციაში "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ახალი სახეები ერთიანდებიან, რომლებიც უპარტიო დეპუტატები არიან.
კიდევ ერთი ფრაქცია, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩამოყალიბდა, არის "საქართველოს პატრიოტები". 6-დეპუტატისგან შემდგარ ფრაქციას გიორგი ლომაია უხელმძღვანელებს.