ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად რელსებიდან გადავარდნილ მატარებელზე მიმდინარე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 142 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში უტარ-პრადეშის შტატში, ქალაქ კანპურთან ახლოს მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შემთხვევის დროს მატარებელში 500 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობას ეძინა.
„სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ჩვენ მეტი ვერაფერი აღმოვაჩინეთ,“_განაცხადა ქალაქ კანპურის პოლიციის ინსპექტორმა, ზაქი აჰმედმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, რკინიგზის ხაზზე, რომელიც ყოველდღე 23 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება, ავარიები ხშირია.
გავრცელებული ცნობით, მომხდარი სარკინიგზო ავარია ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის, ნარენდრა მოდისთვის არის შეხსენება, თუ რამდენად რთული იქნება შეასრულოს დაპირება და რკინიგზა უფრო ეფექტურ და უსაფრთხო სამგზავრო საშუალებად აქციოს.
როგორც ცნობილია, მოდიმ წელს პირობა დადო, რომ რკინიგზის მაღალ სიჩქარიან ხაზს იაპონია დააფინანსებს, თუმცა ინვესტიციის ფარგლებში მხოლოდ მთავარ ხაზზე სიგნალიზაციის მოწყობილობები დამონტაჟდა.