ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ პირებს სასამართლომ გირაო შეუფარდა.
როგორც "გურია ნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ცვლილებით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულის მიმართ გირაოს- 5000 ლარის გამოყენების თაობაზე.
„ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ცვლილებით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულის მიმართ გირაოს- 5000 ლარის გამოყენების თაობაზე. საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ბრალდებულებს – დავით ჩ.-ს და ზურაბ გ.-ს შეეფარდათ გირაო 4000-4000 ლარის ოდენობით, ეთერ კ.-ს -3000, ხოლო ფატიმა ჭ.-ს 2000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. სასამართლომ, გირაოს გადახდის ვადად განსაზღვრა 30 დღე.
საქმე ეხება, ჯგუფის მიერ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ყალბი დიპლომების დამზადების, გასაღების მიზნით შენახვის და გასაღების ფაქტებს. წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბრალდებულებმა მოქალაქეს ეტაპობრივად გამოართვეს 3500 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი ბრალდებულების სახით დააკავეს.
სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, გაითვალისწინა ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი და სპეციფიკა, ბრალდებულთა პიროვნება, თითოეული ბრალდებულის ქმედების ხარისხის, როლის და მათი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე. სასამრთლომ მიიჩნია, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება იქნება ეფექტური და ეფექტიანი საშუალება მომავალში ბრალდებულების სათანადო ქცევის განსაზღვრისათვის.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 10 იანვარს 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება“, _ აღნიშნულია სასამარყლოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთერ კ., დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი "იბერიას" დირექტორი დავით ჩ. და ორი მოქალაქე: ფატიმა ჭ. და ზურაბ გ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი "იბერიას" დირექტორმა და ერთ-ერთმა მოქალაქემ გასაღების მიზნით დაამზადეს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტის ყალბი დიპლომები, რომლებიც წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთერ კ-სა და მის თანამზრახველზე გაასაღეს. თავის მხრივ, აღნიშნულმა პირებმა ყალბი დიპლომებიდან ორი ეგზემპლარის სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვეს და გამოართვეს 3500 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი ბრალდებულების სახით დააკავეს. ყალბი დიპლომები და გადაცემული თანხის ნაწილი 1500 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
"საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით იკვეთება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ზემოხსენებული პირების შემადგენლობით ამზადებდა და ასაღებდა ყალბ დიპლომებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს სხვა მოქალაქეებისთვისაც, რომელთა ვინაობები დგინდება.
ამავე თემაზე:
ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს