ფერეიდნელი ქართველებისათვის ქართული ენისა და ქართული ხალხური მუსიკის შემსწავლელი პროექტის დასკვნით ღონისძიება გაიმართა.
პროექტი, ამავდროულად, ახალგაზრდებისათვის ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიების მოწყობას და საქართველოს ისტორიული ძეგლების გაცნობასაც ითვალისწინებდა.
პრეზიდენტის ინიციატივით, ეს პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება.
"ამ ეტაპზე პროექტით სარგებლობის საშუალება მხოლოდ ვაჟებს აქვთ, მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. ჩვენი სურვილია, სამომავლოდ ამ პროექტში გოგონებიც ჩაერთონ და ფერეიდნიდან ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლის საშუალება მიეცეთ'', _ განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
პროექტის შემჯამებელ შეხვედრაზე ფერეიდნელმა ახალგაზრდებმა ის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში შეისწავლეს. პროექტის მონაწილე 12 ფერეიდნელ ქართველს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცა.