კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საიას კვლევებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მინისტრის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ მილიონ ლარზე მეტი ვალი აქვს, განმარტებას "რუსთავი 2"-თან აკეთებს და ამბობს, რომ მზადაა"ინტერნეიშენალ ივენთსის" მის საკუთრებაში არსებულ ბინაში რეგისტრაცია გაუუქმოს.
”ძალიან ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია. წარმოიდგინეთ, 2005 წელს, აბსოლუტურად ფორმალური საკითხი, როდესაც იურიდიული მისამართი განესაზღვრა კომპანიას ბინაზე. როდესაც 10 წელზე მეტია არ ცხოვრობ ამ ბინაში და ინიშნები თანამდებობაზე, ნამდვილად არავის გახსენებია ეს ფორმალური საკითხი.
არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რაიმე დარღვევას წარმოადგენდეს დღესაც, თუმცა ამ ხარვეზს აუცილებლად გავასწორებ და გავაუქმებ რეგისტრაციას”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
საია-ს კვლევის თანახმად, 2014 წლის შემოდგომამდე, შპს "ინტერნეიშენალ ივენთის" მეწილეები, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი დავით მენაბდე იყვნენ.