ლანჩხუთის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სტალინის იუბილესთან დაკავშირებით ბელადის ახალი ბიუსტი დადგეს.
საქმე ისაა, რომ რამდენიმე თვის წინ სტალინის ძველი ბიუსტი დაუდგენელმა პირებმა კვარცხბეკიდან ისე ჩამოშალეს, რომ მისი აღება გახდა აუცილებელი. მომხდარ ფაქტს მეორე მსოფლიო ომის ლანჩხუთელი ვეტერანების მხრიდან უკმაყოფილება და ხმამაღალი განაცხადის მოჰყვა. ისინი მომხდარს უზნეობად მიიჩნევდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი ყურადღებისკენაც მოუწოდებდნენ.
ბელადის ბიუსტი ლანჩხუთში არაერთხელ დაუზიანებიათ და იგი ყოველთვის ფეხბურთში „გურიასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის დროს ხდებოდა, ამიტომაც ვეტერანები და სტალინის ბიუსტის გულშემატკივრები ეჭვობდნენ, რომ ამას „დინამოელთა“ ლანჩხუთში ჩამოსული ქომაგობა აკეთებდა.
ბიუსტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილში განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს. ზოგიერთის მოსაზრებით, რადგან ბელადის ბიუსტი საბჭოთა სიმბოლიკის გადმონაშთია, კანონის შესაბამისად, მისი არსებობა დანაშაულია. ბიუსტის აღების ინიციატივით რამდენიმე თვის წინ გამგებლის ყოფილი მოადგილის, ვახტანგ ზენაიშვილიც გამოდიოდა, რომელმაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სპეციალური განცხადებითაც მიმართა. საკითხი განიხილეს კიდეც ფრაქციებში და ზენაიშვილს მხარდაჭერას რამდენიმე დეპუტატიც უცხადებდა, თუმცა, ამ მსჯელობებს შედეგი არ მოჰყოლია. ყოველშემთხვევაში ბიუსტის მოწინააღმდეგეთა სასარგებლოდ.
საბოლოოდ, ბელადის ბიუსტს განაჩენი უცნობმა პირებმა გამოუტანეს, თუმცა, როგორც ჩანს, დროებით _ ბელადის საიუბილეოდ, იმავე ადგილზე მისმა თაყვანისმცემლებმა კვარცხლბეკზე სტალინის ახალი, ოქროსფრად მოელვარე ბიუსტი შემოდგეს.
როგორც ირკვევა, ომის ვეტერანებმა საამისო თანხა საკუთარი ჯიბიდან გაიღეს, 10-10 ლარი შეაგროვეს და ბიუსტი ლანჩხუთელ იური სარჯველაძეს დაამზადებინეს.
ლანჩხუთელ "სტალინელთა" ნაწილი 21 დეკემბერს გორში ბელადის დაბადებიდან 137 წლის აღსანიშნავადაც გაემგზავრა.