სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს შორის სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.
„ეჭვის გაჩენისთანავე, სააგენტომ დაიწყო ფაქტის მოკვლევა. რეფერირების პროცედურების შესაბამისად, შემთხვევის შესახებ ეცნობა შსს-ს, რომელმაც შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოსავლენად უკვე დაიწყო გამოძიება.
სააღმზრდელო დაწესებულებაში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 9 მოზარდი ცხოვრობს, რომლებთანაც მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.სავარაუდო მოძალადე უკვე გაყვანილია დაწესებულებიდან“, _ ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო თანამშრომლობს შსს-სთან და ელოდება გამოძიების დასრულებას. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში,სამინისტრო დააყენებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის საკითხს.
„იმის გამო, რომ თემა საკმაოდ მძიმე და სენსიტიურია, გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას: ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და მათი დაცვის მიზნით – არ მოახდინონ სააღმზრდელო დაწესებულების და შესაბამისად, ბავშვების იდენტიფიცირება სახელმწიფო უწყებები მზად არიან გამოძიების დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც თავად ფაქტის შესახებ, ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც გამოძიების დასკვნის შემდგომ განხორციელდება“, _ აღნიშნავენ სააგენტოში.