საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს არასამთავრობო სექტორს შეხვდება. შეხვედრის მთავარ თემას არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული, ე.წ მოსმენების შესახებ ახალი მოდელი წარმოადგენს.
მესამე სექტორს მიაჩნია, რომ სასწრაფოდ არის მისაღები მოსმენების საკანონმდებლო რეგულაცია, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის გახორციელება და მეოთხე ტალღაზე მუშაობის დაწყება, სტამბულის კონვენციის რატიფიცირება პარლამენტის მიერ; აუცილებელია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის გაგრძელება და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აღნიშნული მოდელი ე.წ. მოსმენების გასაღების დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში გადატანას ითვალისწინებს, რაც მეტი გარანტი იქნება, რომ ე.წ. გასაღების ფლობა არ გახდეს მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.
„აღნიშნული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი იქნება, თუ პარლამენტის კომიტეტები და მთლიანად პარლამენტი დაამკვიდრებს შეთანხმების ჯეროვანი შესრულების ტრადიციას. ბევრი კანონპროექტი აქვს განსახილველი იურიდიულ კომიტეტს, პარლამენტს იმისთვის, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის სტანდარტები იყოს განმტკიცებული, ასევე პრაქტიკაში მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, _ განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.