სოციალური მომსახურების სააგენტო თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით განცადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თანხების მითვისების ფაქტზე საქმის აღძვრა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მოხდა.
"მას შემდეგ რაც, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და "ლიბერთი ბანკში" გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში ადგილი ჰქონდა ფინანსურ დარღვევებს კონკრეტული პირების მხრიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა შეისწავლა მასალები და ახსნა-განმარტება ჩამოართვა საქმესთან დაკავშირებულ რამდენიმე პირს. მოპოვებული ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიების შედეგად დაკავებულია იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2 თანამშრომელი. სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად განაგრძობს მუშაობას მსგავსი, შესაძლო დარღვევების გამოსავლენად", _ განმარტავენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, იმ პენსიონერების სახელით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან იყვნენ გარდაცვლილები, თუმცა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ბაზაში ფიქსირდებოდნენ აქტიურად და შეჩერებული ჰქონდათ პენსიის ჩარიცხვა, შეავსეს განაცხადები პენსიის აღდგენის თაობაზე, რაც მათ მიერვე დაკმაყოფილებული იქნა. შემდგომ, „ლიბერთი ბანკში“ წარადგინეს ყალბი მინდობილობები და მინდობილ პირებზე დამზადებული იქნა პენსიონერის ანგარიშზე მიბმული დამატებითი ბარათები.
”აღნიშნული გზით ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახელზე გაცემული იქნა 29 პენსიონერის დამატებითი საპენსიო ბარათი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საერთო ჯამში თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 115 985,5 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დამატებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირთა გამოვლენა-დადგენის მიზნით. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საგამოძიებო სამსახური ახორციელებს მკაცრ კონტროლს ჯანდაცვის სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის კუთხით”, _ აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე:
"სოციალური მომსახურების სააგენტოს" თანამშრომლები საპენსიო თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის დააკავეს