„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი თავის კომენტარზე ანდრო ბარნოვის შეფასებას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა სააკაშვილი ყოფილ თანამებრძოლებს მოღალტეებს ეძახის, ამას პოლიტიკის გარდა, თვალთმაქცობა და სულ სხვა სახელი ჰქვია. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ქუჩაში დგომით „ბიძინას ძვრას ვერ უზამს“.
„8 წელია ნაციონალური მოძრაობის ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიშას პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს (ის, რომ მიშას ეს სიტყვა არ უთქვამს, როგორც ბაქრაძის ინტერვიუს შემდეგ ახსნა, თვალთმაქცობაა: მას უხარია, მისი “ხუნვეიბინები” რომ ილანძღებიან ჩვენი მისამართით, ახალისებს ამას და თავად ყოფილ თანამებრძოლებს გვეძახის). ეს ჩემთვის აღარაა პოლიტიკა, ამას სულ სხვა სახელი ქვია.
…ნაცებს არ გვენდობა მოსახლეობის უმეტესობა. რა გინდა, მასთან კონფრონტაციას შევუწყო ხელი? აქამდე სად ვიყავი, ხომ? იქ, რომ ვფიქრობდი, ამ უნდობლობას გადავტეხავთ, ხალხი გაგვიგებსთქო. ვერ გაგვიგო. ის, რომ 2016 წლის არჩევნებზე მასობრივი გაყალბება იყო, არის ბლეფი. იყო მოსყიდვა, დაშინება – მათ შორის იმით, რომ “აი, მოვლენ და მერე ნახეთ”. იყო გაყალბების ცალკეული შემთვევები. მაგრამ ეს არაა მასობრივი გაყალბება, ამას არც საერთაშორისო თანამეგობრობა იღებს გაყალბებად. ამას ვერც ქუჩაში დგომით უშველი. ტყუილებით პოლიტიკის კეთება კი მე არ მინდა.
…თუ მიშამ ჩათვალა, რომ მისი ძველი თანამებრძოლები მოღალატეები გამხდარან, ახლა იმათ უნდა დაეყრდნოს, ვინც უკეთეს ოდას მიუძღვნის, მე ვერ გადავარწმუნებ. და თუ მგონია, რომ მისი არჩეული გზა არასწორია: მინიმუმ, ბიძინას ძვრას ვერ უზამს, მაქსიმუმ კი ქვეყანას ქაოსისაკენ წაიყვანს, ამის თქმის ვალდებულებას არ ვუღალატებ. ღალატი ისაა, რაც მართალი გგონია, ის არ თქვა”, _ წერს დავით დარჩიაშვილი.
ანდრო ბარნოვმა დავით დარჩიაშვილის განცხადებას, დავით ბაქრაძის ხელის გაწვდენის მცდელობას მიშა სააკაშვილისთვის და პარტიის შიგნით კონფრონტაციის დასრულების სურვილს, უპასუხა და მკვეთრად გააკრიტიკა თანაპარტიელი.
ბარნოვმა პარლამენტში შესული „ნაცმოძრაობის წევრებს ოლიგარქთან და პოტიომკინის ლიდერშიპთან დაახლოება დაუწუნა.
„მითხარით, გეთაყვა, რისი სიმბოლოა ბაქრაძე? შერიგების? ვისთან და რასთან შერიგების? პოლიტპატიმრების და პოლიტიკური დევნის არსებობასთან? ბიძინას მარადიულობის იდეასთან? კორუფციასთან? ინსტიტუციების რღვევასთან? რუსეთთან ლაქუცთან? რომელი ერთი ჩამოვთვალო? თუ, იქნებ, არ გესმით, რომ ბიძინა და მიშა მხოლოდ ორი ადამიანი არაა და ისინი, როგორც სიმბოლოები, ჩვენს საზოგადოებაში არსებული ღირებულებების ტრაგიკულ გაყოფას ასახავენ? თქვენ გინდათ, ეს ორი მხარე შეარიგოთ? როგორ? შევურიოთ ცოტა კორუფცია და ცოტა ინსტიტუციები? ცოტა ოლიგარქია და ცოტაც – პოტიომკინის ლიდერშიფი (აი, სესიაშვილის, კობახიძის, ქუცნაშვილის მსგავსი)? ამას რად უნდა შერიგება და ბაქრაძე? ამას ბიძინა ისედაც ძალიან კარგად აკეთებს და თქვენ თუ ტაშის დაკვრა გინდათ, ნება თქვენია, ბატონო. ოღონდ სცენიდან ჩამობრძანდით და თუნდაც პარტერში დაიკავეთ ადგილები. ჩვენ კი შევეცდებით დაგანახოთ, რა არის ნამდვილი ღირებულება – იმედით, რომ მაშინ მაინც მიხვდებით, ძალას როცა იგრძნობთ.
და ბოლოს, სრულიად გულწრფელად ვამბობ: ღრმად მწამს, რომ თუ მართლა გსურთ შერიგება და პარტიის ერთიანობის შენარჩუნება, ამ საოცრებების თხზვას, ჯობია თქვით, რომ შეცდით, რომ მზად ხართ დარჩეთ პარტიის რიგით წევრებად და ემსახუროთ იდეას, იმ ფორმით, რასაც პარტიის მხარდამჭერები განგისაზღვრავთ. მითუმეტეს, პარლამენტში ადგილები თქვენია და არც მთლად რიგითებად მოგიწევთ დარჩენა. მაგრამ, შეგიძლიათ, პატიოსნად მოიქცეთ? ეს არის ძირითადი კითხვა და მე გულწრფელად ძალიან მინდა, რომ მასზე დადებითი პასუხის გაცემის შესაძლებლობა გადამწყვეტ მომენტში მაინც მომცეთ“, _ წერს ბარნოვი.