სასამართლოს გადაწყვეტილებით სასაქონლო ნიშანი "მაესტრო MAESTRO" სტუდია მაესტროს დაუბრუნდა, _ ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.
სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოსარჩელე შპს. "სტუდია მაესტრო"-ს პარტნიორის გიორგი გაჩეჩილაძის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების: შპს "ტელეკომპანია მაესტრო“-ს, შპს "სტუდია მაესტრო“-ს, მაკა ასათიანის, მამუკა ღლონტის, ეკატერინე აკობიას, გიორგი ებრალიძის და ლევან ჩიკვაიძის მიმართ. დავის საგანს წარმოადგენდა შპს "სტუდია მაესტრო"-ს დირექტორის მიერ პარტნიორთა თანხმობის გარეშე შპს. "ტელეკომპანია მაესტრო"-სთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული სასაქონლო ნიშნის ("მაესტრო MAESTRO") შპს "სტუდია მაესტრო"-სთვის დაბრუნება. წარმოდგენილი სარჩელი, მოპასუხეთა ნაწილმა სცნო და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 24 ოქტომბერს შპს "სტუდია მაესტრო"-ს დირექტორის მიერ, საზოგადოების წესდებისა და "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაუცველად შპს "ტელეკომპანია მაესტრო"-ს დირექტორთან დადებული ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის ("მაესტრო MAESTRO") უსასყიდლოდ შპს "ტელეკომპანია მაესტრო"-ს საკუთრებაში გადაცემის შესახებ, აღდგა სასაქონლო ნიშანზე შპს "სტუდია მაესტრო"-ს რეგისტრირებული უფლება და ბათილად იქნა ცნობილი შპს "სტუდია მაესტრო"-ს პარტნიორთა კრების 2015 წლის 16 ნოემბრის ოქმი.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.