საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, 23-24 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის მე-16 სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეის სესიის საკომიტეტო სხდომებზე დასწრების პარალელურად, უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან კრისტინა მუტონენთან, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტთან კარლ ჰაინც კოფვთან, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორთან მაიკლ გეორგ ლინკთან და ეუთოს სხვა წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებთან.
ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, 57 ქვეყნის დელეგაციის პარლამენტის 300-მდე წევრი ეუთო-ს სივრცეში არსებულ უსაფრთხოების, ეკონომიკის, ტექნოლოგიების, გარემოს დაცვითი, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მოხსენებებს მოისმენენ. სესიის დასკვნით ნაწილში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, საპარლამენტო ასამბლეის დელეგატები „კრიზისების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ” სპეციალურ მოხსენებას დაესწრებიან.
უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს განახლებული მუდმივმოქმედი დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტის, გიორგი წერეთელის შემადგენლობით, პირველად წარსდგება.