საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისის საკრებულოს წევრის, ავთანდილ დავითაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, სადაც იგი შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსს, ავთანდილ გალდავას თავისი შვილის – გიორგი დავითაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
“იმისთვის, რომ არ მოხდეს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განვმარტავთ:
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლები ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლის ფარგლებშიც მოხდა გიორგი დავითაძესთან გასაუბრება.
როგორც შსს-ს გენერალურ ინსპექციას გიორგი დავითაძემ ოდნავ მოგვიანებით განუცხადა (აღნიშნული დაფიქსირებულია გასაუბრების შესახებ ოქმში და ხელმოწერილია მის მიერ), ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა ავთანდილ გალდავამ მას პოლიციის შენობაში გაყოლა მოსთხოვა. გიორგი დავითაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა მის მეგობარს – ლევან ტაბიძეს, რის შემდეგაც ავთანდილ გალდავამ ამ უკანასკნელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და თავად იგი იძულებით შეიყვანა პოლიციის შენობაში.
პოლიციის სამმართველოს შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების სრული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გიორგი დავითაძის მიერ შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის მიცემული ჩვენების ეს ნაწილი სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს (ამას ადასტურებს ვიდეომასალა).
ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შევნიშნავთ, რომ 1990 წელს დაბადებული გიორგი დავითაძე წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი, მათ შორის, ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის და უცხო ქვეყნის მოქალაქის ცემის ბრალდებით. გიორგი დავითაძე ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
პოლიციის შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ გიორგი დავითაძემ სამმართველოში 14 წუთი დაჰყო.
გამოსვლისას მას გარეგნული დაზიანების არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა.
პოლიციის სამმართველოდან გამოსული დავითაძე თავის ადვოკატს შეხვდა. ხანგრძლივი განსჯის შემდეგ (რაც ასევე დასტურდება ვიდეოჩანაწერებით), გიორგი დავითაძემ ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა და განაცხადა, რომ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადასთან საუბრისას გიორგი დავითაძემ აღნიშნა, რომ უჩიოდა ტკივილს მუცლის არეში და დაჟინებით მოითხოვა ჰოსპიტალში გადაყვანა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება”, _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.