ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით, გრიგოლეთის ბაზაზე არსებული შენობა-ნაგებობები ა(ა)იპ “საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას” გადაეცა ქონების სარგებლობის უფლებით.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ საკრებულოს ზოგიერთ წევრს განსხვავებული ხედვა აქვს ამასთან დაკავშირებით და დაუშვებლად მიიჩნევს “გურიასთვის” რაიმე სახის ქონების გადაცემას. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კი, უპირველესად, აქცენტს იმ ვალებზე აკეთებენ, რომელიც კლუბს დაუგროვდა.
“წლების წინ, როცა კლუბს დაუგროვდა გადაუხდელი ვალდებულებები, სასამართლომ აუქციონზე გამოიტანა და ბაზას გვიყიდდა. ის, რომ დღეს კლუბს არანაირი ქონება არ გააჩნია, კარგიცაა იმ დავალიანებებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს. არ შეიძლება ბაზის “გურიასთვის” გადაცემა”, _ ამბობს საკრებულოს წევრთა ის ნაწილი, ვინც კლუბისთვის ქონების სარგებლობის უფლებით გრიგოლეთის ბაზაზე არსებული შენობა-ნაგებობის გადაცემაში სამომავლოდ გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ.
ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი რგოლის განმარტებით, “გურიასთვის” სარგებლობის უფლებით ბაზაზე არსებული შენობა-ნაგებობის გადაცემაში სადავო არაფერია. მათი განმარტებით, ეს იმისთვის ხდება, რომ ბუნებრივი აირისა და შუქის საფასურის გადახდა აწი უკვე ფეხბურთის განვითარების ფონდის პრეროგატივაა და არაა ადგილობრივი ბიუჯეტის.
“ჩვენ საუბარი გვაქვს, რომ კლუბს უზურფრუქტის წესით გადაეცეს ქონება და არა იმაზე, რომ მერე ბანკმა ან სხვა ვინმე მევალემ წაართვას იგი. ეს იმისთვის ხდება, რომ დენისა და ბუნებრივი აირის ფულის გადახდა მოხდეს.
ახალი არაფერია _ 2014 წლის 29 აგვისტოს განკარგულებაში შედის ცვლილება, რომლითაც საკრებულომ თანხმობა მისცა გამგეობას, რომ “გურიას” სარგებლობაში გადაეცა გრიგოლეთში მდებარე სპორტული ბაზა და და იქ არსებული მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი. ამ ცვლილებით ხდება ქონების დაკონკრეტება”, _ ასეთია საკითხთან დაკავშირებით გამგეობის განმარტება ოპონენტების საყურადღებოდ.
მუნიციპალიტეტის პირველი პირი, ზაზა ურუშაძე პირად დამსახურებად მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცა 10-მილიონიანი ქონება, ხოლო ამჯერად ქონების ა(ა) იპ-ისთვის გადაცემაში ქვეზრახვებსა და საფრთხეებს ვერ ხედავს.
“საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გრიგოლეთის საფეხბურთო ბაზა არასდროს არ იყო მუნიციპალიტეტის და არც კლუბის საკუთრება _ ყოველთვის სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, მაშინაც, როცა დაუფარავი ვალდებულებების გამო აუქციონის წესით იგეგმებოდა მისი გაყიდვა.
ბაზის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემას ბევრი მუშაობა დასჭირდა. 2013 წელს ლელოზე ჩამოსულ ბიძინა ივანიშვილს ვთხოვე დახმარება. ბაზა იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე _ მე და თემურ ჩხაიძეს მიგვიძღვის ამ ბაზის გადმოცემაში დიდი წვლილი. არავის ვთხოვ მადლობას, მაგრამ ხომ უნდა დაინახონ, რომ 10-მილიონიანი ქონება გადმოეცა მუნიციპალიტეტს? იქ მოხდა ბუნებრივი აირის შეყვანა; ამის გარდა, გადასახდელია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურიც და ეს ხომ უნდა მოწესრიგდეს? ამიტომ გადაეცა ა(ა)იპ-ის იგი, აქ სხვა არაფერია დაფარული”, _ ამბობს ურუშაძე.