“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, დიდ დიღომს კვების ალტერნატიული წყარო ექნება, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 24 თებერვალს, კომპანიას დაგეგმილი აქვს ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები.
„სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 24 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან, 25 თებერვლის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ზაჰესის დასახლებაში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის და მიმდებარე ქუჩებს;
სოფელ ზურგოვანს; ამერიკის საელჩოს დასახლებას; დიდ დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებას; საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას; ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას; დიღმის მას-ის I კვ-ის N10, N11 და N12 კორპუსებს; სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლებას; ზემო ვეძისის დასახლებას; თამარაშვილის, გოთუას და მიმდებარე ქუჩებს“, _ აცხადებენ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში”.
მათივე ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, სხვიტორის ქუჩაზე, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა. კერძოდ, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა, ზაჰესი – თბილისის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა დაასრულა, სამუშაოების პარალელურად კი კომპანიამ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, საბურთალოს რაიონის მკვებავი წყალსადენის 900მმ-იანი და 1200მმ-იანი მაგისტრალური ქსელების 160 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა. ამავდროულად, კომპანია დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის ქუჩების კვეთაზე 900მმ-იან ახალ ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს.