"ეს კაცი მუდმივად გვიყურებს, გვისმენს, გვითვალთვალებს, ამ კაცს არ ვუყვარვართ, ეს კაცი არ არის ჩვენი, ეს კაცი არ ზრუნავს ჩვენზე, ამ კაცს სძულს არა მარტო „რუსთავი 2“, არამედ ყველა ის სიკეთე, რასაც „რუსთავი 2“ გამოხატავს – დასავლეთი, კრიტიკა, რაციონალიზმი, მაგრამ ჩვენ არ ვმაუწყებლობთ ამ კაცისთვის, ჩვენ დავიღალეთ ამ კაცისგან" _ განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის კარიკატურით წარდგა.
„ ჩვენ არ ვაპირებთ, მისი ბედი გადავწყვიტოთ, მისი ბედი არის თქვენს ხელში. ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებთ, რას აკეთებს ეს კაცი ჩვენთვის, როგორ გვისმენს, როგორ იპარავს ჩვენს ქონებას, როგორ დგას ყველა ხელისუფლის უკან, რომელიც სინამდვილეში არარაობაა და სინამდვილეში გვმართავს ეს კაცი.
ამ კაცმა დააბრუნა 1984 წელი საქართველოში, როცა ყველას უთვალთვალებენ, მეორე დღეს გვაჩვენებენ, გვასმენინებენ, გვხურავენ, სულს უღებენ პირიდან ყველა ადამიანს, ვისაც თავისუფლება უნდა. ამ კაცის ადგილი არის საქართველოში და იყოს იქ, სადაც არის, მაგრამ ამ კაცის ადგილი არ არის ჩვენს გულებში, ამ კაცის ადგილი არ არის „რუსთავი 2“-ში და ჩვენ მას იქ არ შემოვუშვებთ“, – განაცხადა გვარამიამ .