სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115 რუსთავის აზოტის ქარხანასთან საქართველოს ბანკის კავშირის დასამტკიცებლად რამდენიმე დოკუმენტს აქვეყნებს.
დოკუმენტების თანახმად, რომელიც საჯარო რეესტრიდანაა მოპოვებული, რუსთავის აზოტის მფლობელის, სს ეუ ინვესთმენთის მესაკუთრეების ფასიანი ქაღალდები დაგირავებული და ბლოკირებულია სს ბიჯეო ჯგუფის სასარგებლოდ.
სს ბიჯეო ჯგუფი ოფისი გაგარინის 29ა-ში, საქართველოს ბანკის შენობაში მდებარეობს. ამასთან, ბიჯეო ჯგუფის გენერალური დირექტორი, ავთანდილ ნამიჩეიშვილი, სს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტსაც იკავებს.
ეუ ინვესთმენთის დამფუძნებელი კი, ამერიკის ხმის ცნობით, საქართველოს ბანკის ყოფილი ტოპ მენეჯერი, ეფრემ ურუმაშვილია.
საქართველოს ბანკში On.ge-ს უთხრეს, რომ არც რუსთავის აზოტი უყიდიათ და არც ეუ ინვესთმენთთან აქვთ რაიმე კავშირი.
რამდენიმე კვირის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოტის ქარხნიდან დამსაქმებელმა 350 ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან. სამსახურში მისულ თანამშრომლებს თავიანთი საშვები დაბლოკილი დახვდათ. აუდიტორია 115-მა და გათავისუფლებულმა მუშებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს, მათ შორის თბილისში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ოფისთან და მათგან მოითხოვეს გათავისუფლებულთა უფლებების დაცვა.