საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ოზურგეთელი ბექა როყვა გახდა. ეს გადაწყვეტილება ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც ასევე დასახელდნენ საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვთნელები.
პრეზიდიუმმა დასახელებულ კანდიდატებს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გიორგი იანტბელიძე უხელმძღვანელებს; ზურაბ ჭიღლაძე 23 წლამდე ახალგარდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი იქნება; ემზარ ბედინეიშვილი ახალგაზრდულ, ხოლო გიორგი კვინიკაძე ჭაბუკთა ნაკრებებს მოამზადებენ.
23 წლამდე ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი ოთარ ტატიშვილი, ზაზა სილაგაძე _ ახალგაზრდული, ხვიჩა ქორიძე კი, ჭაბუკთა ნაკრებების მწვრთნელები იქნებიან.
მთავარი მწვრთნელები თავად დააკომპლექტებენ დამხმარე მწვთნელების შემადგენლობას. პრეზიდიუმის სხდომაზე ფედერაციის არსებული წესდების დასახვეწად და ნაკლოვანი მხარეების აღმოსაფხვრელად იურისტების, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენების შემადგენლობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, პრეზიდიუმის წევრებს განუცხადა რომ ფედერაცია მხარს ვერ დაუჭერს ქართველი მოჭიდავეების გადინებას და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას. მან ასევე სურვილი გამოთქვა, რომ უცხოეთის სახელით მოჭიდავე თანამემამულეები სამშობლოში დაბრუნდნენ და ჩვენი ქვეყნის სახელით იასპარეზონ.
ბექა როყვას თქმით, 16 თებერვალს დასრულდა ეროვნული ჩემპიონატი, სადაც ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ.
"დღეს ჩვენი სპორტსმენები ბორჯომში და თურქეთში იწყებს ვარჯიშს. უკრაინაში და თურქეთში საერთაშორისო ტურნირისთვის ვემზადებით. 2-7 მაისს, ევროპის ჩემპიონატში მივიღებთ მონაწილეობას. ძალიან საპასუხისმგებლო საქმე დამეკისრა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, წარმატებას მივაღწიოთ", _ გვითხრა ბექა როყვამ.