პოპულარული როკ-ჯგუფის, "აეროსმიტის" ვებ-გვერდზე საქართველოში დანიშნული კონცერტის თარიღის გაქრობამ, ჯგუფის ქართველი ფანების აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაცია ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე დღეს გაქრა, თუმცა, ყველა სხვა დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია ადვილად იძებნებოდა.
ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ როკ-ჯგუფის კონცერტი საქართველოში აღარ გაიმართებოდა. რის გამოც, "ბლექსი არენას" ფეისბუქ გვერდზე, "აეროსმიტის" უკმაყოფილო ფანების კომენტარები გაჩნდა, რომლებიც გავრცელებულ ინფორმაცას აპროტესტებდნენ.
"გურია ნიუსმა" "ბლექ სი არენას" ფეისბუქის ადმინისტრატორს მიწერა. ადმინისტრატორის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კონცერტი არ ჩაშლილა და 20 მაისს, როგორც დაგეგმილი იყო, ისე გაიმართება.
"ბლექ სი არენამ" ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ტექნიკური ხარვეზია, ბილეთების გაყიდვა რომ დაიწყება უახლოეს მომავალში ავტომატურად ჩასწორდება და ლინკიც მიებმება ბილეთების. კონცერტი არ გადაიდება, რა თქმა უნდა", _ აღნიშნულია "ბლექ სი არენას" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.