ბრიტანელმა კარდეოლოგებმა უნიკალური მოწყობილობა შეიმუშავეს, რომელიც მფლობელს მოსალოდნელ გულის შეტევას შეატყობინებს. პეიჯერის ზომის აპარატი სახელწოდებით "AngelMed Guardian" კანქვეშ თავსდება და ინფარქტის საფრთხის შემთხვევაში ხმოვან სიგნალს ან ვიბრაციას იძლევა.
ინფარქტის კლასიკური ნიშნებია ინტენსიური ტკივილი მკერდის არეში და ოფლიანობა. ხშირად ავადმყოფი სიმპტომებს ყურადღებას არ აქცევს ან ძალიან გვიან ამჩნევს მათ. შედეგად, ადამიანი დაგვიანებით მიმართავს სამედიცინო დახმარებას, რის გამოც ყოველ 30 წუთში სიკვდილის რისკი 7,5%-ით იზრდება. ზოგიერთი ასეთი შემთხვევა სავალალო შედეგით მთავრდება.
"AngelMed Guardian"-ის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მათი მოწყობილობა ოთხჯერ შეამცირებს გულის შეტევით გამოწვეულ სიკვდილიანობის შემთხვევებს. აპარატი ელექტრონული სიგნალების იმ უმცირეს ცვლილებებს იჭერს, რომლებიც ინფარქტის საფრთხის არსებობის დროს წარმოიქმნება. მოწყობილობა იძლევა სიგნალს და საშუალებას აძლევს დაავადებულ ადამიანს ექიმთან ჩვეულზე ორი საათით ადრე მივიდეს. ამგვარად, "AngelMed Guardian" სიკვდილის საშიშროებას ამცირებს და გულის კუნთის მდგომარეობას აუმჯობესებს.