ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში 50 წლის გია კილანავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრა 12 თებერვალს, დღისით, დაახლოებით, 15 საათისთვის, სოფელ დვაბზუს ცენტრალურ გზაზე მოხდა.
გია კილანავა 2 წელია. რაც ბახვი -ჰესზე დირექტორად მუშაობს და ის ამჟამად სოფელ ცხემლისხიდის მაჟორიტარი დეპუტატის, ლალი სიჭინავას ოჯახში ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი სახლი თბილისშია და ის ოზურგეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება.
როგორც დაზარალებული ოჯახის ახლობლები ამბობენ, მან ამ დილით მისი ვაჟი გააცილა თბილისში და აღნიშნული ფაქტი შემდეგ მოხდა.
დაჭრილს ამ წუთებში სამედიცინო ცენტრ "მედლაფაში" ოპერაცია უტარდება, მისი ახლობლების თქმით, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულის არეში აქვს და კიდურებში მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დაჭრის ფაქტს, როგორც დაზარალებულის ოჯახის ახლობლები ამბობენ, მხოლოდ ერთი თვითმხილველი ჰყავს _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრები ხუტა. დ. და ის ამ წუთებში შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.
ამ ეტაპზე უცნობია დამნაშავის ვინაობა. როგორც გვითხრეს, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული.