„მოგმართავთ თხოვნით, საჯარო გახადოთ ჩემი ეს განცხადება. სამწუხაროდ, ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სრულიად უდანაშაულოდ იხდის სასჯელს გიორგი დემურიშვილი. მსურს, უდანაშაულო ადამიანი არ ისჯებოდეს. როდესაც შევიტყვე, ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის დაუჭერიათ ვინმე გიორგი დემურიშვილი, გადავწყვიტე მეღიარებინა დანაშაული. თქვენი დახმარებით მინდა ცნობილი გახდეს საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის, პარლამენტისთვის და მთავრობისთვის, რომ მე ჩავიდინე დანაშაული და გიორგი დემურიშვილს ამ დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს, რასაც მე დავადასტურებ მტკიცებულებებით და ფაქტებით. ჩემი ადამიანობიდან გამომდინარე, ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რადგან მთელი ცხოვრება არ მედოს ცოდვად უდანაშაულო ადამიანის ციხეში ყოფნა. გთხოვთ, შეისწავლოთ აღნიშნული განცხადება და მიიღოთ მხედველობაში ჩემი უმძიმესი მდგომარეობა“, _ ეს წერილი სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებიდან „გურია ნიუსმა“ 2016 წლის 2 დეკემბერს მიიღო. წერილის ავტორი, მისივე მითითებით პატიმრობაში მყოფი ამირან მჭედლიშვილია.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, წერილში არ იყო მითითებული, თუ რა დანაშაულზეა საუბარი, როდის მოხდა ის და რატომ გადაწყვიტა წერილის ავტორმა „გურია ნიუსთვის“ მოემართა და არა საგამოძიებო უწყებებისთვის.
დეტალების გასარკვევად ვეცადეთ წერილში ხსენებული პატიმრის, გიორგი დემურიშვილის უფლებების დამცველს დავკავშირებოდით. როგორც ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავდა, ამირან მჭედლიშვილის პოზიციის შესახებ მისთვისაც ცნობილი იყო. თუმცა, ადვოკატი ამ ყველაფრის დადასტურებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ელოდებოდა. მჭედლიშვილის დაკითხვა სასამართლო პროცესზე მას უკვე მოთხოვნილი ჰქონდა.
2017 წლის 30 იანვარს, სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ამირან მჭედლიშვილი. პროცესს ესწრებოდა ამავე საქმეზე ბრალდებული გიორგი დემურიშვილიც.
როგორც მასალებიდან და შემდგომ მოწმის დაკითხვიდან ირკვევა, საქმე ეხება 2015 წლის 17 იანვარს, ქალაქ გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ხანდაზმული ქალბატონის ნათელა მინდაძის დაყაჩაღებას. სახლიდან წაღებული იყო საყურე, ჯაჭვი და საათი, რომელიც დაზარალებულის შვილს, ხათუნა ქორელს ეკუთვნოდა. ასევე, რამდენიმე ათლარიანი კუპიურა და 200 დოლარამდე თანხა. ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღესვე ბრალდებულის სახით დააკავეს გიორგი დემურიშვილი, რომელსაც, მოგვიანებით, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ გიორგი დემურიშვილსა და დაზარალებული ნათელა მინდაძის შვილს, ხათუნა ქორელს ნაცნობობა აკავშირებდათ. კერძოდ, დემურიშვილი ქორელს ბინის დაგირავებაში უნდა დახმარებოდა, რასაც მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს. ხათუნა ქორელის ჩვენებიდან ირკვევა, რომ დემურიშვილმა იცოდა მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რაც, სავარაუდოდ, გახდა ყაჩაღობის ფაქტის მიზეზიც. თუმცა, საპირისპიროზე მეტყველებს, 30 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოწმე ამირან მჭედლიშვილის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც მჭედლიშვილი დეტალურად აღწერს, როგორ გაიგო ხათუნა ქორელის ბინაში არსებული თანხის შესახებ და როგორ დააყაჩაღა დედამისი, ნათელა მინდაძე.
„2015 წლის 17 იანვარს, მქონდა 500 ლარი. ამ თანხით შევედი პოკერ კლუბ „პირამიდაში“. დავიწყე თამაში და წავაგე. ეს თანხა 5 საათისთვის უნდა გადამეხადა შვილის მასწავლებლისთვის და დამეფარა კომუნალური გადასახადები. ფულის წაგების მერე გამოვედი პოკერკლუბიდან და დავინახე გიორგი დემურიშვილი, რომელიც ტელეფონზე ხმამაღლა საუბრობდა, ვიღაცას აგინებდა. მითხრა, რომ ხათუნა ქორელს აქვს ფული მოსატანი, ვურეკავ და არ მპასუხობსო, სახლშიც ვიყავი და არ დამხვდაო. ამის შემდეგ ვიყიდე გზად „სკოჩი“ (წებოვანი ლენტი; ავტ.), მივედი ქორელების ბინასთან, ავედი სახლში, გავაღე კარი, საიდანაც შემომესმა ტელევიზორის ხმა. შევიხედე ოთახში და დავინახე ქალი, ჩემგან ზურგით იჯდა. მან ვერ დამინახა… ვიცოდი რომ სახლში ინახებოდა 20-25 ათასი დოლარი. დავიწყე ძებნა, რომ ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე ქალს დავლაპარაკებოდი. უკნიდან მივედი, რადგან „მასკა“ (სტილი დაცულია, ავტ.) არ მეკეთა, მხოლოდ კაშნე მქონდა… ქალს ვკითხე სად იყო ფული. მითხრა, რომ თავის კუთვნილ თანხას მომცემდა. ვემუქრებოდი, თუ არ მომცემდა ფულს, ცუდ რაღაცას დავმართებდი… წიგნი გამოიღო და 10-ლარიანი კუპიურები მომცა. ჩანთიდანაც ამოიღო ხურდები. თანხა ცოტა იყო. ამის შემდეგ გავუკარი „სკოჩით“ ხელები, პირი და დავიწყე ფულის ძებნა. მაგრამ ვერაფერი ვიპოვე იმ ოთახში. მეორე ოთახში ვნახე ჩანთა, რომელშიც იდო ტელეფონის ყუთი, საპენსიო წიგნაკი, ნათელა მინდაძის პირადობის მოწმობა და 200 დოლარი. წამოვიღე ეს ნივთები და დავტოვე სახლი“, _ აღნიშნა ჩვენების მიცემისას ადვოკატის კითხვების საპასუხოდ ამირან მჭედლიშვილმა.
მისივე თქმით, თუ გამოძიება დაინტერესდება, მას დღესვე შეუძლია წარადგინოს ნათელა მინდაძის სახლიდან წამოღებული საპენსიო წიგნაკი და პირადობის მოწმობა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე ჩავიდინე ეს დანაშაული. ჩამიტარეთ დნმ -ის ანალიზი. წარვადგენ ამ ნივთებს და მიხვდებით რომ დემურიშვილი უდანაშაულოა… 10-15 წუთი ვიყავი ბინაში; ვიყავი მხოლოდ მე და იქ ჩემს გარდა არავინ ყოფილა“, _ განაცხადა პროცესზე მჭედლიშვილმა.
რაც შეეხება ადვოკატის მიერ დასმულ კითხვებს, იცნობდა თუ არა ხათუნა ქორელს და საიდან იცოდა მან მის სახლში არსებული თანხის შესახებ, მჭედლიშვილმა განაცხადა:
„ყაჩაღობამდე 5-6 დღით ადრე, დავურეკე გიორგი დემურიშვილს, რომელსაც ვიცნობ, ვმეგობრობთ, ვთხოვე ჩემი სიდედრის სახლში წავეყვანე მანქანით. როცა გამომიარა, მანქანაში იჯდა ქერათმიანი ქალი, მეგონა, რომ გიორგის მეუღლე იყო და მივესალმე. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს ქალი იყო ხათუნა ქორელი, რომელიც გიორგიმ თავის მეგობრად გამაცნო. მითხრა, რომ ჯერ ხათუნა უნდა მიგვეყვანა სახლში, შემდეგ მე წამიყვანდა. გზაში საუბრობდნენ რაღაც ბინის დაგირავებაზე. მაშინ თქვა ქორელმა რომ ფული ჰქონდა. 20 ათასი ედო, მაგრამ გიორგის სთხოვდა 5 ათასი დაეკლო. დავტოვეთ ქორელი და გიორგიმ ამიყვანა მანქანით ჩემ სიდედრთან“, _ განაცხადა მჭედლიშვილმა.
პროკურორის მიერ დასმული დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ კი აღნიშნა, რომ ამ სახლში სხვა დროს არასოდეს ყოფილა, ხათუნა ქორელი კი, სულ რამდენჯერმე ჰყავს დანანახი.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ განაცხადა მან დანაშაულის შესახებ აქამდე, მჭედლიშვილმა აღნიშნა:
„მჯეროდა, რომ გორის რაიონული სასამართლო ბოლომდე ობიექტური იქნებოდა და რვაწელნახევარს არ მიუსჯიდა უდანაშაულო ადამიანს. ამ ფაქტიდან დაახლოებით 4-5 თვეში მეც დამიჭირეს ყაჩაღობის ბრალდებით და 10 წელი მაქვს მისჯილი, თუმცა ამ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ვცნობ. საქმე სააპელაციო ეტაპზეა. სხვათაშორის, ეს პროკურორი მთხოვდა მეღიარებინა დანაშაული და 3 წელს მოგცემო. მაინც არ ვაღიარე. ის დანაშაული კი ნამდვილად ჩემი ჩადენილია და ამას ვამბობ კიდეც“, _ განაცხადა მჭედლიშვილმა და დასძინა, რომ პროკურორი ია მეფარიშვილი „საქმეების შეკერვითაა“ დაკავებული და მის მიერ „გაუბედურებული“ 48 ადამიანი იხდის სასჯელს ქსნის დაწესებულებაში.
რამდენად სარწმუნოდ მიიჩნევს და გაითვალისწინებს თუ არა ამირან მჭედლიშვილის ჩვენებას სასამართლო, ჯერჯერობით უცნობია. არც ის არის ცნობილი, დაინიშნება თუ არა დნმ-ის ექსპერტიზა, რომელსაც მოწმე პროცესზე ითხოვდა.
საქმის პროკურორმა ია მეფარიშვილმა „გურია ნიუსთან“ კომენტარზე უარი განაცხადა და მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში გადაგვამისამართა.
რაც შეეხება გიორგი დემურიშვილს, რომელსაც აღნიშნული ყაჩაღობისთვის 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, დანაშაულს არ აღიარებს. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულის მიერ გამოტანილ განაჩენში კი აღნიშნულია: "სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია აშკარა, შეთანხმებული და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გიორგი დემურიშვილის დანაშაულებრივ ქმედებას".
განაჩენში ასევე ნათქვამია, რომ საქმის არსებითი განხილვისას მოწმეთა ჩვენებებს შორის არ ყოფილა არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები და ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.
მიუხედავად ამისა, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც ბრალდებულის ინტერესებს სააპელაციო ეტაპიდან იცავს, აღნიშნავს, რომ საქმეში არის ისეთი შეუსაბამობები, რაც აშკარად ადასტურებს გიორგი დემურიშვილის უდანაშაულობას. ადვოკატის თქმით, „გამოძიება თავიდანვე დაადგა არასწორ გზას, სრულიად უდანაშაულო ადამიანი _ გიორგი დემურიშვილი მისცეს პასუხისგებაში მაშინ, როდესაც რეალურად დანაშაული სულ სხვა პირმა ჩაიდინა“.
გარდა ამისა, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეში ძალიან ხარვეზია დაშვებული როგორც დემურიშვილის დაკავების, ასევე მტკიცებულებების შედგენისა და სასამართლოზე საქმის წარმართვის დროს.
კერძოდ, ადვოკატის თქმით, პირველი ინსტანციის მოსამართლემ სრულიად დააიგნორა მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი საკითხები და არ მოახდინა მტკიცებულებათა ანალიზი. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები კი, მისივე თქმით, რეალურად ადასტურებს არა გიორგი დემურიშვილის მიერ დანაშაულის ჩადენას, არამედ ბრალდებულის უდანაშაულობას.
„გამოძიება თავიდანვე დაადგა არასწორ გზას, სრულიად უდანაშაულო ადამიანი მისცეს პასუხისგებაში მაშინ, როდესაც რეალურად დანაშაული ჩაიდინა სულ სხვა პირმა _ ამირან მჭედლიშვილმა, რაც მან სასამართლოზე დაკითხვისას აღნიშნა კიდეც. გიორგი დემურიშვილი დააკავეს საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით და ისე შეავსეს ჩხრეკის ოქმი, რომ რეალურად მისი ჩხრეკა არ ჩუტარებიათ. გამომძიებლებმა ჩხრეკის ოქმში ჩაწერეს, რომ თითქოს ბრალდებულისგან ამოიღეს ნივთები, რეალურად კი, არ მომხდარა ბრალდებულისგან არანაირი ნივთების ამოღება. მეტიც, გიორგი დემურიშვილი საერთოდ არ გაჩხრეკილა და მისგან არანაირი ნივთი არ ყოფილა ამოღებული.
"სლოტ კლუბის ვიდეო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ სანამ გიორგი დემურიშვილი წაყვებოდა პოლიციელებს, მან რაღაც ნივთები გადასცა მის მეგობარს მერაბ მინდიაშვილს, რომელთა შორისაც შესაძლოა ყოფილიყო საქმისათვის მნიშვნელოვანი საგნები. მაგრამ ამის უფლებას მას პოლიციელები აძლევენ. მაშინ, როდესაც, პატაკში ეწერა შემდეგი: "გიორგი დემურიშვილს პირადად უნდა ჰქონდეს დანაშაულის ჩადენის იარაღი და ნათელა მინდაძის ბინიდან ყაჩაღობის შედეგად წამოღებული ნივთები". ჩხრეკის ჩაუტარებლობას ადასტურებს ისიც, რომ გიორგი დემურიშვილს იზოლატორში მოთავსების დროისათვის თან ჰქონდა ფულადი თანხა ხუთი ლარის ოდენობით; ორი ცალი სანთებელა; თეთრი ფერის საათი; თეთრი ფერის ბეჭედი; ცხვირსახოცი; თასმები და ხატი „ცეპით. პოლიციაში შესული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად "გიორგი დემურიშვილი ფეხით გადაადგილდებოდა ქალაქ გორში და პირადად უნდა ჰქონოდა დანაშაულის ჩადენის იარაღი და ნათელა მინდაძის ბინიდან ყაჩაღობის შედეგად წამოღებული ნივთები".
გარდა ამისა, დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ფაქტობრივი დაკავება მოხდა 19 საათსა და 19 წუთზე, ხოლო ფაქტობრივი დაკავების ზუსტ ადგილად მითითებულია პოლიციის განყოფილება, კერძოდ: გორის რაიონული სამმართველოს შენობა. დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის ზუსტ დროდ კი მითითებულია: 19 საათი და 25 წუთი. თუ დემურიშვილი პოლიციის შენობაში დააკავეს, მაშინ რატომ არის დაკავების დროდ მითითებული "ევროპაბეთიდან" წამოყვანის დრო? გარდა ამისა, დაკავების დროისათვის არ ყოფილა ჩხრეკა დაწყებული. მაშინ საინტერესოა, დაკავების ოქმში დაკავების საფუძვლად რატომ არის მითითებული, რომ მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი. თუ, როგორც დამკავებელი პირები ამბობენ, არაფერი საეჭვო არ ყოფილა, ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ და უწყინარად, უპრობლემოდ მოხდა დემურიშვილის გაყვანა სლოტ კლუბიდან, მაშინ რატომ მიუთითეს ეს დრო დაკავების დროდ?!“ _ აღნიშნავს კაკაბაძე.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს, რომელსაც მოსამართლე ნინო გერგაულმა გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნა, აღნიშნულია, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდა როგორ ნათელა მინდაძის, ასევე გიორგი დემურიშვილის ტანსაცმელს.
დასკვნის მიხედვით, "წებონვან ლენტზე აღმოჩენილი მუქი ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოებს და გიორგი დემურიშვილის ჟაკეტის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება, ასევე დემურიშვილის ქურთუკზე აღმოჩენილ ნაცრისფერი შალის ბოჭკოებს და ნათელა მინდაძის ჯემპრის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვინლება. თუმცა, ნათელა მინდაძის ჯემპრზე დემურიშვილის ტანსაცმლის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა“. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დგინდება ბრალდებულის შეხება დაზარალებულთან.
ამაზე დემურიშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს:
"მოსამართლემ მიიჩნია, რომ გვარობრივი კუთვნილება ნიშნავს იდენტურობას და გამოიყენა გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად მაშინ, როდესაც ექსპერტმა განმარტა, რომ გვარობრივი ნიშნავს ბუნებას და არა იდენტურობას. ეს ნიშნავს, რომ ერთგვაროვანია მასალა რომლითაც ტანსაცმელია დამზადებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტანსაცმელი ერთიდაიგივეა მასალისაა", _ აღნიშნავს კაკაბაძე.
გარდა ამისა, როგორც ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადგინდა, რომ ბინაში არსებობდა ორზე მეტი პირის იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვლები, რომლებიც მიეკუთვნება მამაკაცს და არ მიეკუთვნება არც ნათელა მინდაძის ოჯახის წევრებს, არც გიორგი დემურიშვილს.
"გიორგი დემურიშვილის თანამონაწილეობა წებოვანი ლენტის შერეულ ბიოლოგიურ კვლებში გამორიცხულია", _ ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.
დემურიშვილის ადვოკატი ინტერესდება, "ვისია ეს გენეტიკური პროფილის კვალი, როდესაც იზოლენტზე შეხება მხოლოდ დაზარალებულსა და დანაშაულის რეალურ ჩამდენ პირს ჰქონდათ?! რა საგამოძიებო მოქმედებები, რა დამატებითი ღონისძიებები ჩაატარეს რომ რეალურ დამნაშავეზე გასულიყო?!" _აღნიშნავს კაკაბაძე.
ამასთან, კაკაბაძე ამბობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს განაჩენში აქვს მითითებული, რომ თითქოს კიბიდან და შესასვლელიდან ამოღებული სიგარეტის ნამწვების გენეტიკური პროფილი შეესაბამება გიორგი დემურიშვილის გენეტიკურ პროფილს. თუმცა, მისივე თქმით, დაზარალებული თავის ჩვენებაში არ ადასტურებს იმას, რომ თავდამსხმელი პირი სიგარეტს ეწეოდა.
"საერთოდ ტრაგიკომიკურია იმაზე მითითება და იმის დაჯერება-წარმოდგენა, რომ თურმე თავდამსხმელი იმ ძალიან მცირე დროის განმავლობაში თავს დაესხა სასწრაფოდ დაზარალებულს, "გასკოჩა", სასწრაფოდ დაიწყო ნივთების ძებნა და გაიქცა, ამავდროულად კი, თურმე მეორე ხელით სიგარეტს ეწეოდა. თან თურმე იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში რამდენიმე ღერის მოწევა მოასწრო და სიგარეტის ნამწვები ძირს დაყარა. მითუმეტეს, როგორ შეიძლება სიგარეტი მოწიოს ადამიანმა, თუ მას კაშნე უკეთია და ამით ცდილობს სახის დაფარვას?! ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზუსტად იმ დროს, რა დროსაც, მტკიცებულებების თანახმად, ყაჩაღობა მოხდა, გიორგი დემურიშვილი ლაპარაკობდა ტელეფონით. როგორც დეტალური ამონაწერიდან ირკვევა, გიორგი დემურიშვილი იმყოფებოდა "ევროპა-ბეთში", _ აღნიშნა ადვოკატმა.
ასევე, ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ გამოძიების მიერ წარდგენილი ავტომობილის ფოტოსურათები და ვიდეომასალა ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირებისთვის უვარგისია, რითაც შემთხვევის ადგილთან დემურიშვილის ავტომანქანის ყოფნა უნდა დადასტურებულიყო ასეთის არსებობის შემთხვევაში. დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოფირებზე დაფიქსირებული ავტომობილის გამოსახულება, სავარაუდოდ, იდენტურია დემურიშვილის მანქანის ფოტოგამოსახულებისა. მოსამართლემ კი, განაჩენში დადასტურებულად აღნიშნა, რომ მანქანა ერთიდაიგივეა.
გარდა ამისა, ადვოკატი კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საქმეში არ დევს ბრალდებულის ამოცნობის ოქმი.
"გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში დაზარალებული ნათელა მინდაძე დეტალურად აღწერს თავდამსხმელს, საქმეში არ დევს დაზარალებულის მიერ პირის/თავდამსხმელის ამოცნობის ოქმი. თუ დაზარალებულმა თავდამსხმელის ამდენი ფიზიკური მახასიათებელი დაინახა, რით აიხსნება ის, რომ საქმეში არ დევს ასეთი მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას _ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, რითაც ბრალდება შეძლებდა გაემყარებინა საკუთარი პოზიცია? ამის მიზეზი არის ის, რომ დაზარალებულმა, როდესაც გამოძიებას სურდა ამოცნობის ჩატარება, არ მიუთითა გიორგი დემურიშვილზე, როგორც თავდამსხმელ პირზე და მიუთითა, რომ თავდამსხმელი პირი განსხვავდებოდა გიორგი დემურიშვილისგან. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ამოცნობის ოქმი", _ აღნიშნავს ადვოკატი.
დემურიშვილის უფლებების დამცველს იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია (მაია თეთრაული, გერონტი კახეთელიძე, კახაბერ მაჭავარიანი) იმსჯელებს საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით და გიორგი დემურიშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსჯავრდებულ გიორგი დემურიშვილს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. ამის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენშიც არის აღნიშნული, რის გამოც, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მან სასჯელი სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მოიხადოს.
განაჩენში აღნიშნულია, რომ დანაშაულის ჩადენისას გიორგი დემურიშვილი დაავადებული იყო არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით, ორგანული პიროვნული აშლილობით, თუმცა თავისი ქმედების გააზრება შეეძლო. შემდგომ კი, მას განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება ფსიქიკური აშლილობა – პარანოიდული ფსიქოზი, რის გამოც, არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას; მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად გიორგი დემურიშვილი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მოსამართლის განაჩენით, მან სასჯელი სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მოიხადოს.
"გურია ნიუსი" პროცესების მსვლელობას თვალს ადევნებს და კიდევ ერთ სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბრალდების მხარე, პროკურორი ია მეფარიშვილი ჩვენთან კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს. დაზარალებული ქალბატონი ნათელა მინდაძე კი, გარდაცვლილია.