იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის ლევან მურუსიძის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილებით დასტურდება, რომ მოსამართლეებზე – ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე არავითარი ზეწოლა, განსაკუთრებით სასამართლოს შიგნით, არ განხორციელებულა.
"სასამართლოს გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გაგვაჩნია გარკვეული განმარტებები. მოგეხსენებათ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში უზენაეს სასამართლოს ორ მოსამართლეზე ზეწოლაზე იყო საუბარი. გამოთქმული იყო სპეკულაციური ვარაუდი, რომ მოსამართლეებზე ხორციელდებოდა ზეწოლა. ასევე ასახელებდნენ კონკრეტულ პირებს. დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა ის წერილები, რომელიც საგამოძიებო ორგანოს მოსამართლეებმა გადასცეს და გაირკვა, რომ აღნიშნულ მოსამართლეებზე არანაირი ზეწოლა, განსაკუთრებით სასამართლოს შიგნით, არ განხორციელებულა. სახელდებოდა კონკრეტული სახელები და გვარები, თუმცა მოსამართლეებიც დაიკითხნენ და მათაც არ დაუსახელებიათ არც ერთი გვარი და სახელი“, _ აღნიშნა მურუსიძემ.
გარდა ამისა, მურუსიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის მიმართ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დადასტურებული არ არის ერთი თეთრის აღება არც მოსამართლის და არც მის ძმის მხრიდან.
"საბოლოო ჯამში ამას გამოძიება დაადგენს. მე დოკუმენტებსაც გავეცანი, აქედან გამომდინარე, გვაინტერესებს მე და სასამართლო სისტემას რამდენად ეს ინფორმაცია. არავის ვავალდებულებ, მაგრამ სასამართლო კორპუსს შესწევს ძალა დაიცვას თითოეული მოსამართლის ღირსება. მოგიწოდებთ, სანამ რამე არ დადასტურებულა, ცილისწამებას დაანებონ თავი. სასამართლოს შიგნით მათ მიმართ არ განხორციელებულა ზეწოლა, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, სპეკულაციებს თავი დავანებოთ. მიეცეთ საშუალება მოსამართლეებს, მშვიდ გარემოში შეძლონ განიხილონ საქმეები, რომელიც ასე აინტერესებს საზოგადოებას. მათ მიეცეთ ის გარემოება და სიტუაცია, რომ მათ მიმართ არ განხორციელდეს არავითარი ზეწოლა. მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბატონ პრეზიდენტს და ყველას, ვინც დაინტერესებულია სასამართლო სისტემით, შეფასება მისცენ აღნიშნულ ფაქტს. რა თქმა უნდა, დავინტერესდი როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ჩემი ინფორმაციით, ნატალია ნაზღაიძე არაფერ შუაში არ არის. არც მის ძმასთან დაკავშირებით ერთი თეთრის მიცემაზე არ არის საუბარი“, _ აღნიშნა მურუსიძემ.