ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი ონისე ჩაკვეტაძე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 30 000 ლარს ითხოვს.
ორგანზაციაში განმარტავენ, რომ ჩაკვეტაძე 2011 წლის 25 მაისს, თბილისში მიტინგის დაშლისას დაზიანდა.
"2011 წლის 25 მაისს ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობდა მიტინგი, რომლის ძალადობრივი გზით დაშლისა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავების ბრძანება გასცა ივანე მერაბიშვილმა – იმ დროისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. ამ ქმედებისთვის ივანე მერაბიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 27 თებერვალს გამოტანილი განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის – სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლით.
2011 წლის 25 მაისის მიტინგის დარბევისას სხვა მომიტინგეებთან ერთად პოლიციელებმა დააკავეს ონისე ჩაკვეტაძე და მას ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 23 ივლისის დადგენილებით, ონისე ჩაკვეტაძე ცნობილია დაზარალებულად 2011 წლის 25 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლისას ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანის გამო.
ონისე ჩაკვეტაძეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო და დანაშაულებრივი ქმედების – ძალადობითა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შედეგად", _ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
ხვალ, 8 თებერვალს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლები და დაზარალებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ ისაუბრებენ.