საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ზვიადაური საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში დასაქმდა.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის დარგში კონსულტანტის პოზიცია უკავია.
რაც შეეხება ყოფილი დეპუტატის სახელფასო ანაზღაურებას, როგორც კომპანიის პრეს-სამსახურმა განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია.
"ბიზნესკონტრაქტი" რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ზურაბ ზვიადაურთან დაკავშირებას, მაგრამ – უშედეგოდ. სააგენტოს ზარებს არც გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა უპასუხა.
ცნობისთვის: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია სს "საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის" მიერ, 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის იანვარში საგურამოში გამართულ კორპორატიულ საღამოზე "ოცნების" დეპუტატებმა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშილისგან დასაქმების დაპირება მიიღეს. როგორც მაშინ ჟურნალისტებს პარლამენტარმა თემურ ჭკუასელმა განუცხადა, "ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის ის წევრები, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, გადაინაცვლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სსიპ-ებში, ან დაინტერესების შემთხვევაში მასთან ბიზნესში".
წყარო – ბიზნესკონტრაქტი