უსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის განცხადების საფუძველზე პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მათ დღევანდელ დღემდე აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია არ ჰქონიათ. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე განმარტავს, საქმის დეტალები პირველად მათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან დღევანდელ სხდომაზე შეიტყვეს.
“ჩვენ საბჭოს წევრებმა აღნიშნულის თაობაზე არ ვიცოდით და შევიტყეთ დღეს და ვკითხეთ ქალბატონ ნინოს, რომ რეალურად რა ხდებოდა ამასთან დაკავშირებით და ქალბატონმა ნინომ თქვა, რომ მან გააკეთა ისე როგორც გააკეთა და ჩათვალა საჭიროდ“ – განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.
ამავე თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ. კურიერის ჟურნალისტის შეკითხვაზე "უჩნდება თუ არა მას კითხვები სასამართლოს თავმჯდომარესთან თუ რატომ არ იყვნენ ისინი ინფორმირებულები," მან უპასუხა, რომ ეს კითხვა უშუალოდ თავმჯდომარისთვის უნდა დაესვა.
“თუ რატომ არ ვიყავით ინფორმირებულები ეს უშუალოდ მას უნდა ჰკითხოთ, თუმცა დღეს დაადასტურა რა თქმა უნდა, რომ ის იყო ინფორმირებული და მან აღნიშნულზე მოახდინა მყისიერი რეაგირება, მასალები გადააგზავნა. მას არ ავალებს კანონი, რომ ეს გააკეთოს საჯაროდ თუ არასაჯაროდ,“ – აღნიშნა თევზაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გამოძიება ალავიძის და ქათამაძის განცხადების და სასამართლოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პროკურატურისთვის გადაგზავნილი მიმართვის გასაჯაროებას კი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგანაც ითხოვდა.