საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრას ესწრებოდა, საქართველოს მოქალაქეებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას ულოცავს.
„დღეს არის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ნამდვილად ისტორიული დღე ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის მიმართულებით, მივიღეთ ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო თანხმობა ევროპული პარლამენტისგან, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი თითოეული მოქალაქის დამსახურება, დამსახურება იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მოქალაქეებს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ეს არის დამსახურება ძალიან დიდი მხარდაჭერის ევროპული იდეის მიმართ, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპულ პარლამენტს მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ მიზნის განხორციელებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელსაც განსაკუთრებული,პერსონალური წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში, მთავრობის წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრს,ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ნატალია საბანაძეს. არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში, ამ მიზნების განხორციელებაში და თითოეულ მათაგნს მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა", _ განაცხადა კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.