გურიაში გადაუღებლად თოვს. დღეს, დილიდან მძიმე მდგომარეობაა ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალურ გზაზე, სადაც მანქანები მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც მოძრაობენ და გზაზე ერთმანეთის გვერდის ავლას გაჭირვებით ახერხებენ.
რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების შიდა გზებს და სამარშრუტო ტრანსპორტს, მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ჭანიეთის სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი ჟორა რიჟამაძე დილის რვა საათზე, დროულად გავიდა სოფლის მიმართულებით, სოფელში შესვლა მაინც ვერ მოახერხა _ გაუწმენდავ გზაზე თოვლში ჩავარდა და გამვლელი მანქანების მძღოლებმა გადაიყვანეს ცენტრალურ ტრასაზე. რიჟამაძე ოზურგეთში დაბრუნდა.
„გზამშენი-18“-ის დირექტორი თემურ ჯახვა, „გურია ნიუსს“ კითხვაზე _ რატომ არ მუშაობს შესაბამისი ტექნიკა, რომ გზები გაიწმინდოს, პასუხობს, რომ ტექნიკა მუშაობს, მაგრამ თოვლის საფარის სიმაღლის გამო, ტექნიკა გაწმენდას დროულად ვერ ახერხებს.
_ ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალური ტრასა მალე გაიწმინდება. რაც შეეხება ტექნიკას, 12 ერთეული ტრაქტორი მუშაობს, მაგრამ მეტრნახევარი სიმაღლის თოვლია და ასე უცებ ვერ გაიწმინდება.
_ რა მიმართულებით მუშაობს ტექნიკა?
_ მუშაობენ ნატანების, ლესის, საჯავახოს, ნაბეღლავის მიმართულებით… რა ვიცი, ყველგან. გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი დიდია და ვერ ასწრებს ტექნიკა ყველგან მისვლას, _ გვითხრა ჯახვამ.