პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებამოსილებების და პოლიტიკური როლის შესაბამისი, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ჩვენ კი არ ვიხრებით საპარლამენტო მოდელისკენ, არამედ ეს მოდელი უკვე რეალურად გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და რეფორმაში აისახება და კიდევ უფრო გაძლიერდება ინსტიტუციურად ეს მოდელი. ცვლილებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია, ამ მოდელზეა მორგებული და საპარლამენტო მოდელის გრძელვადიან შემდგომ განმტკიცებაზე“, _ აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაძლო შემცირებას, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამაზე მსჯელობა არ ყოფილა.
თალაკვაძის თქმით, 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს.
პრეზიდენტის არჩევის წესს რაც შეეხება, უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ეს უნდა იყოს მისი ფუნქციების და პოლიტიკური როლის შესაბამისი.
„თუ ჩვენ მივდივართ საპარლამენტო მოდელის შემდგომი განმტკიცებისკენ, რასაც კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა ეთანხმება და ამაზე გარე კონსესუსიც არსებობს, ბუნებრივია მოგვიწევს მსჯელობა კომისიის ფარგლებში რომ არსებული სისტემა გადაიხედოს“, _ აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.