საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა იმისთვის, რომ სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს დაბრუნებოდა.
"ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა "ნაციონალური მოძრაობა", უფრო სწორად, მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი z_ ისინი ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა, ასევე, საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ ამ სიისთვის მხარი არ დაეჭირათ. ასევე, იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით, რომ იშიმშილებდნენ, ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა, სამწუხაროდ, იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს გუშინ ეს სია უკან დაბრუნებოდა", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ახალი სია წლის განმავლობაში შედგება:
"ჯერ არ ვიცით, როგორ დავგეგმავთ მომავალ პროცედურას. დაველოდებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას ევროსაბჭოსგან და შემდეგ იქნება ეს მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი… იმის მიხედვით მოხდება, როგორ მოიცლის მთავრობა, როგორ მოვიცლით ჩვენ, კომისიის წევრები, რომ ახალი კონკურსი გამოვაცხადოთ, ალბათ, წლის განმავლობაში შედგება ახალი სია", _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ამავე თემაზე:
"სამარცხვინო", თუ "სამწუხარო" ფაქტი_ როგორ აფასებენ ევროსასამართლოში კანდიდატების ჩავარდნას