ამერიკული როკ ჯგუფ AEROSMITH-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 70-400 ლარის ფარგლებში იქნება. როგორც "ბლექსი არენას" დირექტორი დიმიტრი ბერიძე აცხადებს, საქართველოში AEROSMITH-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები ევროპულთან შედარებით დაბალ ფასად გაიყიდება. მისივე ინფორმაციით, ფასები შესაძლოა, მცირედით დაკორექტირდეს.
როგორც ბერიძე აცხადებს, ბილეთები 2 კატეგორიად გაიყიდება. დაბალი და საშუალო კატეგორიის ბილეთები 70-250 ლარის ფარგლებში იქნება, ვიპ ზონაში ბილეთის ფასი კი 400 ლარამდე ეღირება.
„ბლექსი არენას" დირექტორი განმარტავს, რომ ბილეთების გაყიდვა თებერვლის დასაწყისში დაიწყება. „ზუსტ თარიღს ვერ ვამბობთ იქამდე, სანამ არ გავაფორმებთ ხელშეკრულებას პროვადიერ კომპანიასთან, ვინც ელექტრონულად ბილეთებს გაგვიყიდის",_აცხადებს ბერიძე.
კითხვაზე, კომერციულად მომგებიანი იქნება თუ არა საქართველოში AEROSMITH-ის კონცერტი, ბერიძე აცხადებს, რომ თანხების ერთი მესამედამდე სახელმწიფოს გადასახადების სახით დაუბრუნდება, დანარჩენი, ბილეთების გაყიდვიდან შევა გადასახადი და ეს დაახლოებით, 15 პროცენტი იქნება. გარდა ამისა, დასაქმდება ხალხი, რომლის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადი შევა ბიუჯეტში"-აცხადებს ბერიძე.
მისივე განმარტებით, ეფექტი იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე ღონისძიების ხარჯებია.
ბერიძის განცხადებით, კონცერტის დასრულების შემდგ „ბლექსი არენა" და ტურიზმის ადმინისტრაცია Cheek in Georgia-ს ფარგლებში ანგარიშს გააკეთებს., სადაც გამოჩნდება ის, თუ რა ეფექტი ექნება კონცერტს რეგიონისთვის და ქვეყნისთვის.
„ბლექსი არენას" დირექტორი კომპანია Bravo Records-ის ხელმძღვანელ ზაზა შენგელიას განცხადებასაც ეხმაურება. შენგელიამ „კომერსანტთან" განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული როკ ჯგუფ AEROSMITH-ის კონცერტზე დაახლოებით 40 პროცენტით მეტს ხარჯავენ.
ბერიძე განმარტავს, რომ საქართველოში აღნიშნული კონცერტისთვის გამოყოფილი 5.5 მილიონი ლარი მაქსიმუმია და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს თანხა მთლიანად დაიხარჯება. მისი თქმით, თუ რამეზე ეკონომია გაკეთდება, გაუხარჯავი ფული ისევ ბიუჯეტს დაუბრუნდება.
გარდა ამისა, მისივე განმარტებით, 5.5 მილიონ ლარში შედის როგორც ჰონორარი, ისე კონცერტთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯი. მათ შორის, ფრენების, რომელიც დაახლოებით 200 000 ლარი დაჯდება, აპარატურის ტრანსპორტირების ხარჯი და ასე შემდეგ.
„უცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ თანხაში შედის რეზიდენტის გადასახადიც. ვისაც ფულს ვუხდით, ამერიკაშია რეგისტირებული და ამის გამო ბიუჯეტში 10 პროცენტს ვიხდით. გარდა ამისა, ბილეთების გაყიდვიდან დღგ უნდა გადავიხადოთ. არ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ყველაფერი 5.5 მილიონი ლარი დაჯდება. რაზეც ეკონომია გაკეთდება, ის ფული უკან დაბრუნდება და ამის ანგარიშს ჩვენ მთავრობას გავუკეთებთ. ეს არის მაქსიმუმი თანხა. ტექნიკური საკითხები კიდევ დასაზუსტებელია", _აცხადებს ბერიძე.
რაც შეეხება იმას, რომ ამერიკული როკ ჯგუფ AEROSMITH-მა ლატვიასა და აშშ-ში ჩატარებული კონცერტისთვის 1 მილიონი დოლარის ჰონორარი მიიღო, ამაზე ბერიძე განმარტავს, რომ აღნიშნულ თანხაში ხარჯი არ შედიოდა. „1 წლით ადრე AEROSMITH-ის ტურნე არავის არ დაუანონსებია. შანსი ხელიდანგასაშვები არ იყო. ამხელა ქვეყნების სიაშია საქართველო. მოსკოვამდე და ისრეალის შემდეგ პირველი ევროპული ქვეყანაა. ქობულეთში ამდენი ტურისტი რომ ჩავა, სასტუმროები ამუშავდება. ბიუჯეტში დამატებითი გადასახადები შევა"-აცხადებს ბერიძე.
ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith-ი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში 20 მაისს ეწვევა და კონცერტს გურიაში, ახლადაშენებულ Black Sea Arena-ზე გამართავს. როგორც ცნობილია, სამთვიანი ტურნე მაისში დაიწყება და მუსიკოსები ევროპის 17 ქალაქს ეწვევიან. სავარაუდოდ, Aerosmith-ის ევროპული ტური გამოსამშვიდობებელი იქნება. ქვეყნების სიაში საქართველო მეორე ადგილზე, ისრაელის შემდეგაა მითითებული. კონცერტი 5.5 მილიონი ლარით ფინანსდება, საიდანაც 5 მილიონი ლარი, დაახლოებით 1,865 მლნ დოლარი ჯგუფის ჰონორარია (დღევანდელი კურსით ერთი დოლარი – 2,68 ლარი.)
ამერიკული როკ-ჯგუფის ჩამოსაყვანად საჭირო თანხას სახელმწიფო კომპანია Black Sea Arenageorgia, ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან მიიღებს და გამარტივებული შესყიდვით Aerosmith-ის პროვაიდერ კომპანიას international talent booking-საც გადაუხდის და ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად საჭირო დანარჩენ ქვეკონტრაქტორებსაც. Aerosmith-ის ჩამოსაყვანად საბიუჯეტო სახსრების გამოყენება, თანხის მოცულობა და დაფინანსების მოდელი, ქართული შოუ-ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელმა გააკრიტიკა.
ცნობისთვის: ჯგუფის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით ისრაელში კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 78-230 დოლარი ეღირება, მოსკოვში – 33-500 დოლარი, ბერლინში 98,9 ევრო, მიუნხენში 101-161 ევრო.
წყარო – "კომერსანტი"