ქალთა წინდაცვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება, მათ შორის, „სისხლის სამართლის კოდექსს“ დაემატება ახალი – 1332 მუხლიც, რომელიც ქალთა წინდაცვეთის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, ქალთა წინდაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთარებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა.