საპარლამენტო უმრავლეობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტ მარგველაშვილის „გაზპრომთან“ დაკავშირებულ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ არის საჭირო ისტერიკის და დაძაბულობის აყოლა, რადგან სახელმწიფო სწორ და გამოზომილ ნაბიჯებს დგამს, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების განხილვა კი დიდი პოლიტიკური სპეკულაცია იქნება.
”კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ”გაზპრომთან” დაკავშირებით არჩევანის წინაშე ვიყავით, ან საერთოდ უარი გვეთქვა გაზის ტრანზიტსა და სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციაზე, გარკვეულწილად დაგვეძაბა ურთიერთობა სომხეთთან, მოგვეხდინა ნულოვანი შეთანხმება და შემდეგ სახელმწიფო რესურსით შეგვეძინა გაზი, რომელიც დეფიციტში გაჩნდებოდა. მეორე ალტერნატივა იყო 2017 წლისთვის ნაწილობრივ მონეტარიზაციაზე დათანხმება… თუკი ვინმეს აქვს პროფესიონალური შეხედულება – ან დადებითი ან უარყოფითი, ეს უნდა გამოხატოს, მაგრამ ზოგადი შეძახილები ”აბა ნახეთ, იქ რა ხდება”, უადგილოა, თუმცა რატომაც არა, თუკი პარლამენტში განხილვა იქნება. პირადად, მე ვფიქრობ, რომ მთლიანად ეს განხილვა ერთი დიდი პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობა იქნება”, _ განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმება უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და პარლამენტს მოუწოდა, კიდევ ერთხელ განიხილოს ეს საკითხი და ქვეყანა რისკებისგან დაიცვას.
”ქვეყნის პირველი პირი მოუწოდებს პარლამენტს, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია, ასევე შემოგვთავაზოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა და მინიმალიზაცია”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.