რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ თანაშემწე გენდერულ საკითხებში ანი ჯაყელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
“ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა და აღარ გავუგრძელეთ, რადგან ბიუჯეტი ამის საშუალებას არ იძლეოდა", _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთი სამსახურიდან მეორეში გადანაცვლებით ხორციელდება.
გამგებლის ყოფილი თანაშემწე ანი ჯაყელი, რომელსაც დაანონსებული შემცირება შეეხო, დღეს უკვე ა(ა)იპ "სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრში“ საზოგადოებასთან ურთიერთობას ხელმძღვანელობს. აღნიშნული ინფორმაცია ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ მექვაბიშვილმა დაადასტურა:
“ანი ჯაყელი ჩვენი თანამშრომელია, ის 3 იანვრიდან გამოცხადდა სამსახურში“.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ არასამეწარმეო იურიდიულ პირებში რეორგანიზაცია და თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებები ოფიციალურად დაიწყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულ შემცირდა 19 შტატი, აქედან 4 შტატი ადმინისტრაციაში შემცირდა, დანარჩენი შემცირებები კი სოფლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს შეეხოთ.
რაც შეეხება შრომით ხელშეკრულებებს, 18 ხელშეკრულებით მომუშავე თანამშრომლებიდან, 5-ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, 13-ს კი გაუგრძელდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
“გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია და მიიღებთ შესაბამისს პასუხს", _ გვითხრა ყაზაიშვილმა.