რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავდა, რომ საფეხბურთო კლუბ „გურიაში“ საკადრო ცვლილებები სპონსორის მოსვლამდე არ იგეგმებოდა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ოთარ ჩხაიძე თანამდებობიდან გათავისუფლებულდა.
გავრცელებულ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში ადასტურებს კლუბის იურისტი ლადო გვარჯალაძე, რომელსაც დროებით სწორედ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შესრულება დაეკისრა.
„დიახ, ოთარ ჩხაიძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია და მის მოვალეობას მე ვასრულებ“, _ გვითხრა გვარჯალაძემ.
რაც შეეხება დირექტორატის სხვა წევრებს, ისინი კვლავ პოსტზე რჩებიან და როგორც გვარჯალაძემ განმარტა, ამ ეტაპზე კლუბში სხვა საკადრო ცვლილება არ გახორციელებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკადრო ცვლილებას წინ გამგებელსა და ოთარ ჩხაიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. ამ ფაქტს ჩვენთან სატელეფონო საუბარში კატეგორიულად უარყოფს ზაზა ურუშაძე.
„რა ფიზიკური დაპირისპირება, საერთოდ არ მინახია ოთარ ჩხაიძე დღეს. ამგვარ ფაქტს ადგილი არ ქონია“, _ გვითხრა ზაზა ურუშაძემ.