სამთო-სათხილამურო კურორტ “გოდერძიზე” მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დღეს თემურ გაბაიძე გარდაიცვალა. თვითმხილველის თქმით, თემურ გაბაიძე ფეხსაცმლის ზონარს იკრავდა, როდესაც კურორტის სხვა ბინადარმა თხილამურებით გადაუარა. თემურ გაბაიძემ ქალა-ტვინის დაზიანება მიიღო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "ბათუმელები" ავრცელებს.
გარდაცვლილის მეგობრის თქმით, დაზარალებულის ტრანსპორტირებას ბათუმამდე შვიდი საათი დასჭირდა. ასევე მათი თქმით, კურორტზე არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული, არ მუშაობს სამაშველო სამსახური და არც სამედიცინო დაწესებულება.
თავად კურორტის ადმინისტრაციასთან დაკავშირება “ბათუმელებმა” ვერ მოახერხა.
8 იანვარს თემურ გაბაიძის მეუღლემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები კურორტ გოდერძიდან შემდეგი კომენტარით: “კურორტზე უსაფრთხოება ნოლია, მხოლოდ საგუნდაოდ წასვლას თუ ვურჩევ მსურველებს”.
თემურ გაბაიძე ბოლო პერიოდში შუახევი ჰესზე მუშაობდა. 2011-2012 წლებში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.
თემურ გაბაიძე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს, 13 იანვარს გარდაიცვალა.
ხულოს მუნიციპალიტეტში არსებულ სამთო-სათხილამურო კურორტ “გოდერძს” სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „გოდერძი რიზორტი“ მართავს.