პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე "რესპუბლიკის მოედანზე" მდებარე კლუბებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, გაკეთებულ განცხადებაზე დამატებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ "ვარდების მოედანის" ქვეშ მდებარე ბარების მთავარი პრობლემა პროსტიტუციაა.
„როგორც მე დავაკვირდი, მოხდა არასწორი ინტერპრეტირება და აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით წავიდა ის დასკვნები, რა დასკვნებიც გამოიტანეს. შესაძლოა, მაშინვე ჯობდა ალბათ მეტი განმარტებების გაკეთება, მაგრამ ერთი საათია გასული და მე მგონია, არც ახლა არის გვიან.
რაც შეეხებოდა ღამის კლუბებს, რომელიც ძირითადად კონცენტრირებულია „ვარდების მოედნის“ ქვეშ, სადაც არის ძალიან სამწუხარო რეალობა. მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ვინმემ ასე გაიგო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა – ჩემთვის სამწუხარო ხდება ამ კლუბებში ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის ჩვენი არასრულწლოვანი მოქალაქეების. არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში. ეს არის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრს. ვისაც არასწორი დასკვნა აქვს გამოტანილი, მათთვის ვიტყვი – მთავარი წუხილი ჩემი არის პრობლემა, რომ იქ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს, არის მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი, არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. უფრო მეტიც, ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და სწორედ ამიტომ არის პრობლემატური, ეს საკითხი გადაწყდეს რაც შეიძლება მალე", _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.