მერე რა, რომ გარეთ ცივა და ზამთარია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ ნათელ ფერებზე და რუხი გავაბატონოთ – არავითარ შემთხვევაში! იქნებ, არ იცით, რა მნიშვნელობა აქვს ტანსაცმლის ფერს ადამიანის განწყობაზე? შეიძლება, თქვენ თავად ვერ ამჩნევთ, მაგრამ, ზუსტად იცოდეთ, რომ სწორედ ზამთარშია მუდმივად მუქი ფერის ტანსაცმლის ტარება ძალიან სახიფათო თქვენი ფსიქიკისთვის. ჯერ ერთი, მზისა და სინათლის ნაკლებობა ისედაც ცუდ გუნებაზე გვაყენებს და, მეორე – ნათელი ფერები შეუცნობლად ზემოქმედებენ ჩვენზე და გვიხალისებენ ცხოვრებას.
ტანსაცმელს აქვს დიდი მნიშვნელობა იმაშიც, თუ როგორ და რა მიმართულებით წარიმართება ჩვენი კარიერა და პირადი ცხოვრება. ადამიანები კონკრეტული სამოსის გამო საგანგებოდ იკლებენ წონაში და ამით მთელ ცხოვრებას იცვლიან.
სტილის შეცვლით თავს ვაღწევთ სევდას, დეპრესიას, ნერვულ აშლილობას; გადავდივართ ცხოვრების ახალ ეტაპზე, ვინაცვლებთ მომდევნო საფეხურებზე და ვაღწევთ წარმატებას… ვიცვლით პარტნიორს და ვპოულობთ ბედნიერებას; ბედნიერება კი არ არსებობს ნათელი ფერების გარეშე. ამიტომ, იყავით უფრო თამამი და ნუ შეიზღუდებით არჩევანში – ნათელი ფერები თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის – გაახალისებს და უფრო ნათელს გახდის მას!