მოსახლეობის უკმაყოფილებას დეკემბერში ბუნებრივი აირის დანახარჯის ზრდასთან დაკავშირებით, ”ყაზტრანსგაზ თბილისი” ეხმაურება. კომპანიის დირექტორმა ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნული პრობლემის შესახებ ისაუბრა. როგორც თურმანიძემ განმარტა, ბუნებრივი აირის დანახარჯის ზრდა ტემპერატურის მკვეთრი კლების გამო გაზის გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება:
”გვინდა განვმარტოთ, რომ 2016 წლის დეკემბერში, მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ, როცა ამავე წლის ნოემბერში მიღებული იყო 82 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში 97 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. დეკემბერში ბუნებრივი აირის მატებამ გასულ თვესთან შედარებით 49%, ხოლო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26% შეადგინა. ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გარემო ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. დეკემბერში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო 2015 წლის დეკემბერთან შედარებით. თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში, შეუძლია მოგვმართოს კომპანიის ცხელ ხაზზე _ 2 40 40 04, ან ნებისმიერ სადისტრიბუციო ცენტრში და ჩვენი სპეციალისტები უსასყიდლოდ შეამოწმებენ აღირცხვის კვანძს”, _ აღნიშნა თურმანიძემ.
რაც შეეხება გაზის ხარისხს, ”ყაზტრანსგაზ თბილისში” აცხადებენ, რომ კომპანიას ბუნებრივ აირს აწვდის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“და მის ხაროსხზეც ისაა პასუხისმგებელი, თუმცა მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი აირის ხარისხი შეესაბამება საქართველოში არსებულ სტანდარტებს. რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფებს, თურმანიძის თქმით, ”ყაზტრანსგაზ თბილისს” ამ ეტაპზე სატარიფო განაცხადით სემეკისთვის არ მიუმართავს