ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი 25 თებერვალს გურიაში იმყოფებოდა. დღის განმავლობაში დეპუტატმა რამდენიმე შეხვედრა გამართა და სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრო.
პროექტის _ “მისწერე წერილი მაჟორიტარს” _ ფარგლებში, ამომრჩეველთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციის მიზნით, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ყველა თემში და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში განთავსდა საფოსტო ყუთები, წარწერით _ “მისწერე წერილი მაჟორიტარს”, რაც საშუალებას აძლევს რეგიონის მცხოვრებლებს, თავიანთი წინადადებები თუ პრობლემები დეპუტატამდე წერილების სახით მიიტანონ.
“ამ პროექტით ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, გამოგვიგზავნოს წერილი კონკრეტულ პრობლემაზე ან მის ხედვაზე სოფლის და რაიონის განვითარების კუთხით. ჩემი ბიუროს წარმომადგენლები და მე სისტემატურად გავეცნობით ამ წერილებს და შევეცდებით, არც ერთი არ დავტოვოთ რეაგირების გარეშე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს და ადგილზე გავეცნობი პრობლემებს, მაგრამ ამ პროექტით საშუალება მომეცემა, უფრო მეტი ინფორმაცია მივიღო ჩემი მოსახლეობისგან და უფრო ოპერატიულად მოვახდინო რეაგირება თითოეულ მათგანზე”, _ განაცხადა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა.
ლანჩუთში ნინო წილოსანი სპორტის მუზეუმს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა. დღესვე გაიმართება მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ძიმითში, ჩოხატაურში “112” -ის და “დღის ცენტრის” თანამშრომლებთან, სადაც დეპუტატი ადგილზე გაეცნობა ორივე სამსახურის პრობლემურ ინფრასტრუქტურულ მდგომარებას, სამომავლოდ ამ საკითხის მაქსიმალურად სწრაფად მოგვარების მიზნით. (R)