შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი: 1960 წელს დაბადებული ზ.კ., 1957 წელს დაბადებული ქ.ო., 1967 წელს დაბადებული გ.ვ., 1970 წელს დაბადებული ნ. გ. და 1968 წელს დაბადებული ო.მ., მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ფულის გამოძალვის მიზნით, 1974 წელს დაბადებული რ.ა. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში ჩასვეს და თბილისის ზღვის მიმართულებით გაიტაცეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას „ნაგანის“ ტიპის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ერთჯერადი ხელბორკილები, ნიღბები, ცივი იარაღი, თავზე ჩამოსაცმელი ტომარა, ღვედები, წებოვანი ლენტი და დაზარალებულისთვის წართმეული 5600 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
Developed By Web Features 2024 © All rights reserved