იაპონიის სამრეწველო ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ავტომობილის სავარძელში სკანერი ჩაამონტაჟეს. მისი საშუალებით ავტომობილი საჭესთან მჯდომი ადამიანის ფიზიკურ მახასითებლებს აფიქსირებს და მხოლოდ მფლობელის ამოცნობის შემთხვევაში იძლევა ძრავის ჩართვის ნებართვას. გამომგონებლების თქმით, ეს ისეთივე პროცესია, როგორც თითის ანაბეჭდების აღება. ამასთან, სკანერი არ საჭიროებს სამოსის გახდას.
სკანირების სიზუსტეს 360 სენსორი განსაზღვრავს. მექანიზმის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ შეცდომის ალბათობა ძალიან მცირეა.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია 98% სიზუსტით აღიქვამს ავტომობილის მფლობელს, გასათვალისწინებელი რჩება ისეთი დეტალები, როგორიცაა წონის ცვლილების შემთხვევა და პროგრამაში რამდენიმე მძღოლის პროფილის დაფიქსირება. სკანერი-სავარძლის შემქმნელები უახლოეს ორ-სამ წელიწადში მექანიზმის სერიულ წარმოებაში გაშვებას გეგმავენ.