REUTERS-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანისა და სომეხი სეპარატისტების შეტაკების შედეგად 5 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული კონფლიქტი, რომელიც აზერბაიჯანში მდებარეობს, მაგრამ ეთნიკური სომხები აკონტროლებენ, სამხრეთ კავკასიაში უფრო მასშტაბიანი კონფლიქტის წარმოქმნის შიშს იწვევს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სეპარატისტები გარდაცვლილი 5 აზერბაიჯანელი სამხედროს სამშობლოში გადასვენებას ხელს უშლიან.
„გარდაცვლილი ადამიანების გადასვენება არ მოხდა, რადგან აზერბაიჯანულმა მხარემ შეთანხმება დაარღვია“,_აცხადებენ სეპარატისტული მხარე.
მაუწყებლის ინფორმაციით, სეპარატისტული რეგიონის თვითგამოცხადებული თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანელ სამხედროებს მის ტერიტორიაზე შეჭრაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ მხარეს მსხვერპლი არ ყოფილა.
REUTERS-ის ცნობით, ეუთოს მინსკის საერთაშორისო მედიატორების ჯგუფმა ორივე მხარეს მოუწოდა მძიმე სამხედრო ტექნიკა მის დღევანდელ პოზიციებზე შეაჩერონ და გარდაცვლილების გადასვენებას ხელი შეუწყონ.
როგორც ცნობილია, ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაპირისპირება 1991 წელს დაიწყო და 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ ორივე მხარე ერთმანეთს რეგულარულად ადანაშაულებს ძალადობაში.
მაუწყებლის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ბოლოს აპრილში დაირღვა, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.